გიორგი ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე: არ ველოდები, რომ მსჯელობა იქნება საკითხებზე, რომლებიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის

კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტში 6 თებერვალსაა დაგეგმილი.
„ერთია სურვილი, პრეზიდენტი გამოვიდეს და ადეკვატური განცხადება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოში შექმნილ ურთულეს სიტუაციაში, ყველა ის ნაბიჯი, რაც გადავდგით, სწორედ ამ ბრუტალური დაპირისპირების გავლენის თავიდან ასაცილებლად იყო. უნდა იყოს, ალბათ, კრიტიკაც, როგორც წესი და რიგია, ითქვას, სად ვხედავთ განვითარების საშუალებებს, სად არის ჩამორჩენა, მაგრამ სახელმწიფო მმართველობასთან ურთიერთობის ის სტილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შემოგვთავაზა, ჩემი აზრით, შენარჩუნებული იქნება.
ამაში ვგულისხმობ მისი გამოსვლების იმ აბსოლუტურად მიუღებელ პასაჟებს, რომლებიც ჰქონდა 26 მაისს და პარლამენტში გამოსვლისას. მეტიც, ამავე პათოსით საუბრობდა, როცა მთავრობისგან დამოუკიდებლად იმყოფებოდა საზღვარგარეთ და გარკვეულ შეხვედრებს ატარებდა. ამბობდა, რომ არ იმსახურებს ხელისუფლება, მაგრამ ხალხი არის სტატუსის მოლოდინში, რაც წარმოუდგენელი, არარსებული ფორმულაა ევროკავშირისა და მისი სტრუქტურებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროსაბჭოს და ევროკომისიის თავმჯდომარემაც. ასე რომ, მე არ ველოდები, რომ იქნება მსჯელობა იმ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფოსთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი. განცხადებები იქნება გაკეთებული გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან, რომელიც ასე ძალუმად ახასიათებს ნებისმიერ გამოსვლას, რომელიც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან, პრეზიდენტსაც ვერ დავარქმევთ. როცა ამას ვამბობთ, ვგულისხმობთ საკონსტიტუციო სასამართლოს სამწუხარო, მაგრამ საფუძვლიან გადაწყვეტილებას, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს