გიორგი გახარია – „ოცნებამ“ არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა – მივმართავ საჯარო მოხელეებს, თქვენი დუმილი დააზიანებს თქვენს მომავალს!

„ოცნებამ“ არალეგიტიმური პარლამენტის საშუალებით, არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, გახარიამ მიმართა საჯარო მოხელეებს, რომ დუმილი დააზიანებს მათი და ქვეყნის ინტერესებს.
„ფაქტია, რომ ქვეყანა სისტემურ პოლიტიკურ კრიზისშია მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა, შეაჩერა და მოკლა ქვეყნის ევროპული მომავალი. შემდეგ იძალადა საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამდნენ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, „ოცნებამ“ არალეგიტიმური პარლამენტის და საკანონმდებლო ინიციატივის საშუალებით, არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა. გამოდის რომ საშუალო რგოლის საჯარო სექტორი დღეს სრულად იქნება დაქვემდებარებული პოლიტიკურ ნებას, ერთ ადამიანს. საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საჯარო სექტორის საშუალო რგოლი ყოველთვის იყო ის ფუნდამენტი და ბაზა, რომელიც იბრძოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების და სახელმწიფოებრიობისთვის. ვერავინ ვერასდროს გაბედა ამ ადამიანების ხელის ხლება. დღეს „ოცნებამ“ შეცვალა კანონმდებლობა, ფაქტობრივად თქვა, რომ საშუალო რგოლის საჯარო მოხელეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მოადგილეები, სამმართველოს ხელმძღვანელები, მოადგილეები პოლიტიკური მიზანშეწონილობით იქნებიან დანიშნულები.
გარდა ამისა, მიიღო ისეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც რიგითი უბრალო მოხელის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევთ ყველანაირი საფუძვლის გარეშე, მათ შემდეგ სამართლებრივი დავის გაგრძელების საშუალება ეკრძალებათ.
მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს: მეგობრებო, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ, როდესაც ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე მშვიდობიანი პროტესტით იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს, სამართლიანობას, გამოხატვის თავისუფლების უფლებას, თქვენი დუმილი უკვე დააზიანებს თქვენს მომავალს და ინტერესებს.
მოძალადეს რაც უფრო დიდხანს არ გავცემთ საკადრის პასუხს, კიდევ უფრო იძალადებს. დღეს თუ საჯარო სექტორმა არ თქვა თავისი ღირსეული სიტყვა სახელმწიფოს დაცვისთვის, არ გაიხსენა საჯარო მოხელის ფიცი, მაშინ ისინი თავისას გაიტანენ. ყველაფერი გასაგებია, ვინ რომელ მხარეს დგას. მინდა მოგიწოდოთ, სწორი არჩევანი გააკეთოთ, ხმა ამოიღოთ და ის შეფასება გააკეთოთ, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს სჭირდება, იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგანან. ჩვენ ერთად ვიქნებით ამ ბრძოლაში და გავიმარჯვებთ“,- აღნიშნა გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა