გიორგი გახარია: „ახლა გაბრაზების დროა და არა იმედგაცრუების“

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და არჩევნების გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
გიორგი გახარიას შეფასებით, არჩევნებზე იყო სისტემური ხასიათის დარღვევები: მათ შორის, ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, პირადობის მოწმობებით მანიპულირება, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზეწოლა:
„ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოეპარათ არჩევნები“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
გიორგი გახარია ამბობს, რომ ახლა საქართველოს მოქალაქეების ხმების დაცვის დროა და პოლიტიკოსებმაც და მოქალაქეებმაც უნდა იბრძოლონ ხმის მიცემის თავისუფლების უფლების დასაცავად.
„ახლა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ არჩევნების, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის არსი. თუ ეს არჩევნები დაასამარებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შევა პარლამენტში? ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი პარლამენტში შესვლას, რადგან დღეს ეს ქვეყანა არის ზღვარზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, შევა თუ არა ახალ პარლამენტში, თუმცა თქვა, რომ დაელოდება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს.
გიორგი გახარია აცხადებს, რომ ახლა "გონივრული პროტესტის" და "24 საათიანი შრომის დროა“.
· არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა".
· კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
· "კოალიცია ცვლილებებისთვის", რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, აცხადებს, მმართველმა პარტიამ გაყალბების ერთ-ერთ მექანიზმად გამოიყენა ვერიფიკაციის აპარატები. ანუ ის ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც რეგისტრატორი ამომრჩევლის პირადობის მოწმობას და შესაბამისად, უბანზე დარეგისტრირებულ ამომრჩეველს აიდენტიფიცირებდა.
27 ოქტომბრის დილის 9 საათის მონაცემებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 3088 უბნის (99.261%) წინასწარ შედეგები გამოაქვეყნა, რომლოის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.
პარტიების მონაცემები კი ასეთია:
· „ქართული ოცნება“ - 54,234%;
· „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 10,822%;
· „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 10,105%;
· „ძლიერი საქართველო“ - 8,758%;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 7,753%;
· „გირჩი“ - 3,004%;
· „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,45%
· „ლეიბორისტული პარტია“ - 0,728%
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.