გიორგი ბარამიძე – რეჟიმის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ქმედება, არც შეუმჩნეველი დარჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არც დაუსჯელი საქართველოს კანონმდებლობით, როცა ამის დრო მოვა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანის, აქტივისტების და ფონდების წარმომადგენლების საცხოვრებელ სახლებში განხორციელებული ჩხრეკები, „სადამსჯელო ოპერაციას ემსახურება”.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ეს ქმედება საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეუმჩნეველი არ დარჩება.
„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო სადამსჯელო ოპერაციას ნანუკა ჟორჟოლიანის და იმ ფონდების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს, სოლიდარობას ვუცხადებ მათ და მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ ისინი გვერდში უდგანან რიგით ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ მოღალატეობრივი კრიმინალური რეჟიმის მიერ არჩევნების გაყალბებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე ითხოვენ საქართველოში ნორმალური, ცივილიზებული ადმინისტრაციის და ხელისუფლების პირობებში, ნორმალური დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.
მინდა რეჟიმის წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს მათი ქმედება, არც შეუმჩნეველი დარჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არც დაუსჯელი საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც ამის დრო მოვა.
მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი პატრონები – ეს გლობალური რაშიზმი, რასაც ჰქვია რუსული იმპერიალიზმი, დაყრდნობილი ფაშისტურ იდეოლოგიაზე, ეს რაშიზმი ნამდვილად ვერ გაიმარჯვებს.
გარდა ამისა, ვხედავთ რა ვითარებაა მსოფლიოში, ნამდვილად არ არის ეს რუსეთის და რაშისტული იმპერიის სასარგებლოდ, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქართველ ხალხს გაუხარდება, რაშიზმი აუცილებლად დამარცხდება და შესაბამისად, დამარცხდება რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოში“, – განაცხადა ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…