გივი თარგამაძე დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, თუმცა მან გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თარგამაძემ განუცხადა, ის უწყებაში მისვლას არ აპირებს, მან გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მას სასამართლოში გამოკითხვაზე ხვალ დაიბარებენ.
გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც გამოცხადებაზე მან უარი განაცხადა.
თარგამაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის მეოთხეა, ვისაც უკვე საგამოძიებო უწყებიდან დაურეკეს. მას გამოკითხვის შემდეგ, დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, ბრალს წაუყენებენ.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული