“გზის გადაკეტვის განზრახვა იქნება ხვალ, ზეგ იქამდე, ვიდრე პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს არ გამოუშვებენ” – რა თქვა ჟორჟოლიანმა პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განიხილავს ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ადმინისტრაციულ საქმეს.

მას ედავება 3 იანვარს აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას, როცა ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო.

ნანუკა ჟორჟოლიანმა სხდომის დასაწყისში მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ცაცუამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა მოსამართლეს ჰკითხა, იყო თუ არა 12 იანვარს რესტორან “ბაბილოში“ მოსამართლეთა კორპორაციულ შეკრებაზე. ტელეწამყვანის განმარტებით, შესაძლოა, მოსამართლეს “პირდაპირი წყენა და ბრაზი ჰქონდეს მის მიმართ“, რადგან იმ დღეს აქციის აქტიური მონაწილე იყო.

ესტონეთის მიერ დასანქცირებულმა მოსამართლე ცაცუამ ჟორჟოლიანის შეკითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ აცილების შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

ნანუკა ჟორჟოლიანმა -ს მიმართა:

“უპირველეს ყოვლისა, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას იმ უწყების მიმართ, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. […] მე არ მჯერა იმის, რომ პოლიციელმა მითხრა, რომ ეს უკანონობაა და მე სხვაგვარად ვიმოქმედე.

ამ სასამართლოში მიდის პროცესები და ადამიანებს აჯარიმებენ, რომლებიც იქ საერთოდ არ ყოფილან, თავის თავს ვერ ცნობენ მასალაში და აჯარიმებენ ისეთებს, რომლებიც უკვე გადაკეტილზე მიდიან. აქედან გამომდინარე, ის მტკიცებულება, რომელიც თქვენ წარადგინეთ, არ მაძლევს საშუალებას, რომ მე თქვენთან დავაში შემოვიდე, ამ შემთხვევაში საშუალებას ვგულისხმობ, მორალურ მიზეზს არ მაძლევს, რადგან მე ვიცი, ადამიანები როგორ არაფრის გამო ჯარიმდებიან, არაფრის გამო მიდიან ციხეში და როგორ არაფრის გამო ისჯებიან. ამიტომ ვფიქრობ, ვიდეო, რომელიც საქმეშია შეიძლება, თქვენ საკმარისად ჩათვალოთ ადმინისტრაციული ჯარიმის დასაკისრებლად, ამიტომ დავზოგავ თქვენს დროს, მოსამართლის დროს, მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა, რომ პატრულმა სამართალდარღვევისკენ მიმითითა და არ დავემორჩილე… მიუხედავად ამისა, გეუბნებით, ის ვიდეო, რომელიც წარადგინეთ საკმარისია, ჩაითვალოს, რომ გზა გადავკეტე. ამიტომ თუ სასამართლო დამაჯარიმებს, მე ვიღებ ამ ჯარიმას, როგორც იმ ჯარიმას, რომელიც უნდა გადავიხადო. აქვე განვმარტავ, ხვალ და ზეგ მე მაინც წავალ რუსთაველის გამზირზე.“, – თქვა მან.

მოგვიანებით კი შსს-ს წარმომადგენელთან კითხვა-პასუხის ეტაპზე ჟორჟოლიანმა თქვა: „გეთანხმებით, განზრახვა იყო გზის გადაკეტვა. იქნება ხვალ, იქნება ზეგ, იქნება მანამდე, ვიდრე პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს გარეთ არ გამოუშვებენ“.

ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით, რომელიც შეკრების და მანიფესტაციების წესის დარღვევას გულისხმობს და 5000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

აღნიშნულ სამართალდარღვევაზე სანქცია ,,ქართულმა ოცნებამ” ნოემბერ-დეკემბრის აქციების შემდეგ გაამკაცრა – კანონპროექტი დაჩქარებულად, სამ დღეში მიიღეს, მიხეილ ყაველაშვილმა კი მას ხელი ინაუგურაციის დღესვე მოაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება