„გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისი, ამ დღემ ათობით ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა" - კალაძე
"ყველას გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისი, დღე, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა და ასევე, გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით, ათობით ადამიანი გადარჩა." - ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„დღეს 13 ივნისია, ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე. ყველას 2015 წლის 13 ივნისი გვახსოვს. დღე, რომელმაც წაგვართვა ათობით ადამიანის სიცოცხლე და ასევე, გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით, ასევე, ათობით ადამიანი გადარჩა. ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი, ათასობით ახალგაზრდა, რომელიც გაერთიანდა და ნუგეშად იქცა მთელი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო და როდესაც გათენდა სრულიად საქართველო გაერთიანდა და ერთმანეთის მხარდამხარ, გვერდიგვერდ აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ.
კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს ღმერთმა მათი სული ნათელში ამყოფოს. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელია – დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს თანაქალაქელებს და თანამემამულეებს ვერ დავიბრუნებთ“ - ასე მიუსამძიმრა კახა კალაძემ 13 ივნისს დაღუპულთა ოჯახებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.