გვარამია: აქ იმყოფება -ის მაღალი რანგის დელეგაცია, ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან შეიკავოს თავი ყველამ

პარტია „ახალის“ ლიდერი, აცხადებს, რომ მიუხედავად თბილისის მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს უარისა, ოპოზიციის ალიანსი მაინც ეცდება, რომ 26 მაისს დაგეგმილი აქციისთვის რუსთაველის გამზირზე სცენა და ეკრანები დაამონტაჟოს.

ამის შესახებ გვარამიამ დღეს, 25 მაისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, ნებისმიერი ესკალაციისგან თავი შეიკავოს. გვარამიას თქმით, თბილისში -ის მაღალი დონის დელეგაცია იმყოფება და პროცესები გამადიდებელი შუშის ქვეშ არის.

„ჩვენი დამოკიდებულება არის მკაფიო: ჩვენ არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, რომელიც 2 თვეა ცნობილია ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვისაც. იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა თავისი შიშის თუ მისთვის ცნობილი მიზანშეწონილობის გამო შეგვაცვლევინოს გეგმები ჩვენ და საქართველოს მოქალაქეებს, ამის გამო ეს გეგმები არ შეიცვლება. ჩვენი მოთხოვნა ემყარება კონსტიტუციას, ჩვენ მოვახდენთ ჩვენი უფლების სრულად რეალიზაციას. რაც შეეხება ივანიშვილის რეჟიმის ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს და ანტიკონსტიტუციურ შეზღუდვებს, არ ვაპირებთ მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ხვალ, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შემდეგ მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე, ჩვენ ბოლომდე ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს.

მოვუწოდებ „ხელისუფლებას“, თავი შეიკავოს ნებისმიერ ინციდენტისგან. შევახსენებ, რომ აქ იმყოფება მათ შორის აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე, თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასაც და პროცესები ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის გარეთ. ყველამ შეიკავოს თავი უკანონო ქმედებისგან, რადგან უკანონობაზე ყოველთვის არსებობს პასუხი. ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან შეიკავოს თავი ყველამ. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი და ემყარება კონსტიტუციურ უფლებებს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი დაადასტურა ირაკლი კობახიძემაც. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პიტერ ანდრეოლი ეწვევა.

რაც შეეხება 26 მაისს დაგეგმილ ოპოზიციის აქციას, კობახიძის თქმით, ოპოზიციას რუსთაველის გამზირზე აპარატურის მიტანაზე უარი იმიტომ ეთქვა, რომ ეს „სირთულეებთან იყო დაკავშირებული“.

„შეკრების გამართვა ყველას შეუძლია, რომ დავაზუსტოთ. აქ საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე. თქვენ იცით, რომ აღინიშნება 26 მაისი, 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს. რაც შეეხება შეკრების გამართვას, შეკრების გამართვა ყველას შეუძლია ჩვენს ქვეყანაში, პირიქით, მგონი, კარგიც იქნება- ეს ადამიანები კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.