გერმანიის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი განაგრძობს დასავლეთთან სამხედრო კონფრონტაციისთვის მზადებას

გერმანიის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთი განაგრძობს დასავლეთის სახელმწიფოებთან რეალური სამხედრო კონფრონტაციისთვის მზადებას. ამის შესახებ, როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა განაცხადა 27 ნოემბერს, საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ფორუმზე გამოსვლისას.
კალის თანახმად, პირველ ეტაპზე რუსეთი შეეცდება განხეთქილების შეტანას ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის და კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შერყევას.
კერძოდ, რუსეთი განიხილავს ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნისთვის შექმნას ისეთი „საგანგებო სიტუაციის“, რომელზეც ალიანსის დანარჩენ წევრებს სათანადო რეაქცია არ ექნებათ.
კალმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა შესაძლო ხანმოკლე თავდასხმა ნორვეგიის არქიპელაგ შპიცბერგენზე, სადაც საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის უფლება აქვს რუსეთსაც.
გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა კიდევ ერთ მაგალითად მოიყვანა რუსულენოვანი უმცირესობის დაცვის საბაბით რუსეთის შესაძლო კონფლიქტი ბალტიის ქვეყნებთან.
ბრუნო კალის განცხადებით, თუ მსგავს შემთხვევებში არ ამოქმედდება კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, როგორც თავდაცვით გაერთიანებას კრახი ემუქრება და სწორედ ეს არის რუსეთის მიზანი.
გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთს 2030 წლისთვის ექნება საკმარისი რესურსები დასავლეთის სახელმწიფოებთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის.
რუსეთის და დასავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება