გერმანელმა ჟურნალისტმა, რომელიც თავს პრორუსად ასაღებდა, რუსეთის აგენტების ქსელი გამოავლინა

გერმანელმა ჟურნალისტმა, რომელიც თავს პრორუსად ასაღებდა, რუსეთის აგენტების ქსელი გამოავლინა.
Deutsche welle-ს რუსულენოვანი სამსახური წერს, რომ გერმანული მედია RTL-ს ჟურნალისტური ჯგუფი გერმანიაში რუსეთის “ერთჯერადი აგენტების” ქსელს ერთი წლის განმავლობაში იძიებდა. RTL-ის, ntv-ისა და Stern-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ანჟელიკე გერაიმ სოციალურ ქსელებში ყალბი გვერდები შექმნა და სადაც თავს რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერად ასაღებდა.
ამ გვერდზე, რომელშიც ჟურნალისტმა თავი “კატიად” წარადგინა, რუსული დროშის ფონზე რუსეთის საზღვაო ძალებისთვის დამახასიათებელი მაისურით ჩაწერილ ვიდეოებს აქვეყნებდა, ბუნდესტაგის გარშემო რუსული დროშით დადიოდა და ვლადიმირ პუტინს აქებდა.
ჟურნალისტის თქმით, მას საეჭვო პირები მალევე დაუკავშირდნენ და დავალებების მიცემა დაიწყეს. ეს პირები ჟურნალისტს გერმანიაში სხვადასხვა ობიექტის გადაღებას, მმართველი პარტიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ოფისების, იარაღის მწარმოებელი კომპანიების შენობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თვალთვალს, ასევე მათი თანამშრომლების საკონტაქტო და პირადი მონაცემების შეგროვებას ავალებდნენ.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის “ერთჯერად აგენტებთან” თანამშრომლობა თავდაპირველად ჩვეულებრივი და სრულიად ლეგალური დავალებებით იწყება, რისთვისაც ისინი მცირე თანხასაც იღებენ. თუმცა მალევე ასეთი თანამშრომლობა უფრო სერიოზულ და სახიფათო დონეზე გადადის. კომუნიკაცია ძირითადად Telegram-ის საშუალებით მიმდინარეობს. ამასთან, გამოძიებამ დაადგინა, რომ “ერთჯერად აგენტების” ქსელის თითოეულ წევრს საერთო გეგმის მხოლოდ ნაწილს აცნობენ და არა მთელ გეგმას.
ჟურნალისტის მიერ შექმნილი ყალბი “კატიას” გვერდი გერმანელი პოლიტიკოსის, იოვიცა იოვიჩის, ყურადღების ცენტრში მოექცა, რომელიც სარა ვაგენკნეხტის პარტიის წევრია. მან “კატია” შეხვედრაზე მიიწვია. ცნობისთვის, სარა ვაგენკნეხტი ბუნდესტაგის ყოფილი წევრია – გერმანული მედია მას ხშირად პრორუსად ახასიათებს.
იოვიჩმა “კატიას” რჩევები მისცა, როგორ განევითარებინა თავისი გვერდი. მაგალითად, ურჩია, “ფეხებით ეცეკვა NATO-ს დროშაზე”.
გამომძიებელმა იოვიჩს პირდაპირ ჰკითხა, თანამშრომლობდა თუ არა ის რუსეთის სპეცსამსახურებთან.
“არ ვამბობ, რომ ამაში რუსეთის სპეცსამსახურები მონაწილეობენ, რადგან თავს ვისულელებ. ასეთ რამეები ხომ არავინ იცის. ანუ, თეორიულად, მე ეს არ ვიცი. პრაქტიკულად კი – ვიცი” – უპასუხა მან.
მოგვიანებით, საჯარო ინტერვიუში იოვიჩმა რუსეთის დაზვერვასთან კავშირი და დეზინფორმაციულ კამპანიებში მონაწილეობა უარყო.
მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა ჟურნალისტმა საჯაროდ განაცხადა, რომ “კატია” ყალბი პერსონაჟი იყო, მან სიცოცხლის მოსპობის მუქარა მიიღო.
“თუ დამალვას შეეცდები, ტყვიას მიიღებ!” – ნათქვამი იყო ხმოვან შეტყობინებაში.