გენერალური პროკურორობის კანდიდატი - შეიძლება აქცენტი არის შიდა კადრზე, ვინც ამჟამად იკავებს მაღალ პოსტს, მაგრამ არც მე მაქვს სისტემაში ნაკლები ცნობადობა, ამიტომ ვთვლი, რომ რეალური შანსი მაქვს
ამ პროცესში, არ მგონია, რომ ვინმე უკონკურენტო იყოს. თუმცა, შეიძლება აქცენტი არის შიდა კადრზე, ვინც ამჟამად იკავებს საკმაოდ მაღალ პოსტს სისტემაში, მაგრამ არც მე მაქვს სისტემაში ცუდი ცნობადობა. ამიტომ, მეც ვთვლი, რომ მაქვს რეალური შანსი, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ვიქტორ ახალბედაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან საპროკურორო საბჭოსთან გასაუბრების დასრულების შემდეგ აღნიშნა, პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება აქვს და უწყებაში დაბრუნების სურვილი სულ ჰქონდა.
ახალბედაშვილის თქმით, ახლა მიეცა შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვას.
“რა კითხვებიც დაისვა, თითქმის ყველაზე ადეკვატური პასუხი გავეცი, განწყობაც ნამდვილად დადებითი იყო, მშვიდი გარემო იყო. მგონი, ნორმალურად ჩაიარა პროცესმა. ვნახოთ, დანარჩენი კანდიდატები როგორ იასპარეზებენ და როგორ წარმოაჩენენ თავს. ამ პროცესში, არ მგონია, რომ ვინმე უკონკურენტო იყოს. შეიძლება აქცენტი არის შიდა კადრზე, ვინც ამჟამად იკავებს საკმაოდ მაღალ პოსტს სისტემაში, თუმცა არც მე მაქვს სისტემაში ცუდი ცნობადობა, ამიტომ მეც ვთვლი, რომ მაქვს რეალური შანსი, ფორმალური მხარდაჭერაც, ამ შემთხვევაში, საბჭოს ვგულისხმობ. თანამშრომლებიდანაც საკმაოდ ბევრი მიცნობს და დარწმუნებული ვარ, დადებითად არიან განწყობილები. ვნახოთ”, განაცხადა ახალბედაშვილმა.
რაც შეეხება პროკურატურის დამოუკიდებლობას, ახალბედაშვილი მიიჩნევს, რომ უწყების მიმართ პრეტენზიები ხშირი ხასიათის არ არის.
“ჩემი დაკვირვებით, იმ სიხშირით არ არის პრეტენზია პროკურატურის მიმართ. რაღაცები არის შესაცვლელი. ბუნებრივია, როგორც ყველა უწყებაში ყოველთვის არის სიახლის და გადახალისების საჭიროება. მე გასაუბრებაზეც ვთქვი, რომ მეტი კომუნიკაცია, ალბათ, საჭიროა საზოგადოებასთან, იმიტომ, რომ რაღაც საკითხები, რეალობა შეიძლება განსხვავებულად იქნეს აღქმული. ამიტომ მეტ კომუნიკაციას, მეტ ჩართულობას, ინტერაქციას წინ არაფერი უდგას”, - განაცხადა კანდიდატმა.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა პროკურატურა დღეს პოლიტიკური გავლენის ქვეშ, ახალბედაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა იქვე დასძინა, რომ "პროკურატურა აპოლიტიკური ორგანოა, ახორციელებს მართლმსაჯულებას და თავისი საქმეც საკმარისი აქვს, რომ პოლიტიკურ საკითხებში არ ჩაერთოს".
“საკმაოდ დიდი გამოწვევა, ბევრი საქმე აქვთ, აუცილებლად უნდა მიხედოს მხოლოდ პროკურატურას ყველამ, ახლანდელმა მენეჯმენტმაც და მომავალმაც და ა.შ”. - განაცხადა ვიქტორ ახალბედაშვილმა.
ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე 2 კანდიდატს გაესაუბრებიან.
აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, გენერალური პროკურორის პოსტზე, სწორედ გიორგი გაბიტაშვილი დაინიშნოს.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.