გაუქმებულია სიფრთხილის ზომები, რომელიც 7 მაისს თბილისში მდებარე 3 სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებით არსებობდა - აშშ-ის საელჩო

გაუქმებულია სიფრთხილის ზომები, რომელიც 7 მაისს თბილისში მდებარე სამ სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებით არსებობდა - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო წერს.
„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გაგზავნილი განგაშის შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს საელჩოს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. [აშშ-ის] რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ 7 მაისს საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობის შესახებ შეიტყო.
მოგვიანებით, სუს-მა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.