გაუგებარია, რატომ არ მიეცათ პლედის გამოყენების უფლება — ომბუდსმენი რაჭის პროტესტის მონაწილეებზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს მოუწოდებს, უზრუნველყონ რაჭის ტყეების შესახებ პროტესტის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. ომბუდსმენის მიერ დღეს, 23 ნოემბერს გავცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ მიეცათ პროტესტის მონაწილეების პლედის გამოყენების უფლება გასულ ღამეს.
სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ გამოხატვის ფორმა მოიცავს კარვებისა და სხვა სახის კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობას.
“შეკრების მონაწილეებს გარანტირებული აქვთ უფლება საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი აზრი ტერიტორიის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლიან მიზანშეწონილად. ამასთან, აზრის გამოხატვა არამხოლოდ საუბრით ან განცხადებებით, არამედ, მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის კარვის) აგებითაც შესაძლებელია, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას”, — აცხადებს სახალხო დამცველი.
უფრო მეტიც, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშ ვკითხულობთ, რომ როცა მოქალაქეთა შეკრება მშვიდობიანია, სახელმწიფომ მათ მიმართ შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროტესტის ფორმა “ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეული დოზით” არღვევს.
“პროტესტის მწვავე ფორმით გამოხატვა ხშირად ხელისუფლების ან/და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის ერთადერთი ან ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. საჯარო ადგილას ნებისმიერმა შეკრებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეული დოზით დარღვევა, თუმცა, ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს უფლებაში ჩარევას. შესაბამისად, როდესაც სახეზეა მშვიდობიანი შეკრება, სახელმწიფომ მის მიმართ გარკვეული ხარისხის შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოს”, – აცხადებს სახალხო დამცველი.
გუშინ, 22 ნოემბერს, გარემოს დაცვის სამინისტროს წინ შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციამ არ პლედის ჩამოფარების საშუალება არ მისცა. კონკრეტულად, პროტესტის ერთ-ერთი ლიდერს, მაკა სულაძეს სურდა, ცელოფნებით შემოსაზღვრულ სივრცეზე პლედი გადაეფარებინა, რათა თავი ქარისა და სიცივისგან დაეცვა. მაკა სულაძემ პროტესტის სხვა მონაწილეებთან ღამე სამინისტროს წინ გაათენა.
ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის, ლაშა სალუქვაძე შეკრებილებს ეუბნებოდა, რომ “კეთილი ნება გამოიჩინა”, როცა მათ ცელოფნის დამაგრების საშუალება მისცა, თუმცა პლედის გამოყენების უფლებას აღარ მისცემდა. სალუქვაძე მაკა სულაძეს სთავაზობდა, თუ სციოდა, პლედი ტანზე შემოეხვია, მაგრამ “კონსტრუქციების მოწყობის” უფლებას არ მისცემდა.
არაერთი თხოვნისა და კითხვის მიუხედავად, შეკრებილებს არცერთმა პოლიციელმა არ განუმარტა, რის საფუძველზე უშლიდნენ პლედის გამოყენებას. “არ გაძლევთ უფლებას” – ეს იყო პოლიციელების პასუხი.
· 4 აქცია უახლესი ისტორიიდან, როცა კარავი პროტესტის მნიშვნელოვანი ატრიბუტი იყო

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც