გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კლიმატის კანონის თეთრი წიგნის” საჯარო განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კლიმატის კანონის თეთრი წიგნის” საჯარო განხილვა გაიმართა. ამის შესახებ ინფრომაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას კომიტეტის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს კლიმატის კანონის შემუშავების პროცესის შესახებ. ისაუბრეს ამ პროცესში შემუშავებული მწვანე წიგნის და მის საფუძველზე შექმნილი თეთრი წიგნის თაობაზე, რომლის საჯარო განხილვებისას გამოთქმული წინადადებები, მოსაზრებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება კანონპროექტში კლიმატის შესახებ, რომელზეც პარლამენტში მუშაობა უკვე დაწყებულია.
„კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას დამტკიცებული აქვს ბევრი გეგმა, პროგრამები, გვაქვს ნაკისრი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულებები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ბევრი საკანონმდებლო აქტი, არ გვაქვს ერთიანი კანონი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების როლს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კუთხით. კლიმატის ცვლილება 21-ე საუკუნეში ყოველდღიურ ცხოვრებას თან სდევს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ახალი საკანონმდებლო აქტი, რომლის განხილვასაც პარლამენტი მომდევნო წელს დაიწყებს და ეს კანონი შექმნის ერთიან საკანონმდებლო ბაზას, რომელიც განსაზღვრავს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისაუფლების როლს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კუთხით”, – განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა, საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესში. მისივე თქმით, პარლამენტში სპეციალური საბჭოს შექმნა იგეგმება.
„პარლამენტში შეიქმნება საბჭო, რომელიც მაკოორდინირებელი იქნება როგორც საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით, ასევე ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით, სატყეო, სოფლის მეურნეობის სექტორში, ნარჩენების მართვაში, ტურიზმსა თუ ყველა იმ სექტორში, რომელიც პირდაპირ და ირიბ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან შერბილების ღონისძიებების დაგეგმვის თვალსაზრისით”, -განაცხადა მაია ბითაძემ.
პარლამენტის ცნობით, შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ონლაინ რეჟიმშიც მიეღოთ მასში მონაწილეობა.
„დასმულ შეკითხვებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ლაშა ნაკაშიძემ უპასუხეს.
შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

14 სენატორი პრემიერს – თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს ინდივიდუალური სანქციები, ფინანსური დახმარების გადახედვა და სავიზო აკრძალვების გაფართოება

ალეკო ელისაშვილი – მთავრობა რომ მიტინგს მართავს, გამაგებინეთ, ეს რა არის? ვის უმართავენ აქციას? ვინც ამ აქციაზე მოდის, თავის თავში ძალა უნდა იპოვოს, კარგია ხელფასი და თანამდებობა, მაგრამ საქართველოა უმთავრესი