გარდაცვლილი იპოვეს გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი

გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსი, დავით გოგობერიშვილი, რომელმაც მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს – როგორც შსს-მ უთხრა რადიო თავისუფლებას, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ – 115) დაიწყო.
გარდაცვლილი გოგობერიშვილი თბილისში, ავტოფარეხში იპოვეს – გამოძიება არ აკონკრეტებს, როდის ნახეს ის გარდაცვლილი.
IPN-ს ინფორმაციით, გოგობერიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს. მათ გადადგომას „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდადებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდნენ.
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 14 ივლისს, “TV პირველმა” გაავრცელა.
“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ბაჩიაშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.
ამავე დღეს განცხადება გაავრცელა გიორგი ბაჩიაშვილმაც, რომელშიც დეტალურად აღწერდა მასზე თავდასხმას და ამბობდა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მის დაშინებას და ქონების იძულებით წართმევას ისახავდა მიზნად.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)