განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები მოუწოდებენ პარლამენტს, არ მიიღონ „რუსული კანონი“
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები მოუწოდებენ პარლამენტს, არ მიიღონ „რუსული კანონი“ და ვრცელ განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები, მკაფიოდ და მკაცრად მოვითხოვთ, არ მიიღოთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ასევე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული მონაწილეები; სასწრაფოდ გამოძიებული უნდა იყოს მიზანმიმართული და დაგეგმილი ძალადობის ფაქტები; დაისაჯონ დამკვეთები და შემსრულებლები - მათ შორის სახელისუფლებო რიგებიდან. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს დასავლელი პარტნიორების განცხადებებსა და მოსაზრებებს.
ფაქტი, რომ ეს კანონპროექტი ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ მისი სამიზნე ჩვენი დასავლელი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები არიან, საგანგაშოა. მიგვაჩნია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელთა დაცვა ჩვენი საზოგადოების განვითარების გარანტად მიგვაჩნია. ამასთანავე, კანონპროექტი შეიცავს უდიდეს რისკებს მომავალში შექმნას კიდევ უფრო დიდი ქაოსი და დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, მოახდინოს იმ პირების/ორგანიზაციების მარგინალიზება, რომლებიც ადამიანის უფლებების, პასუხისმგებლობიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის, განათლების, ჯანდაცვის, სამოქალაქო აზროვნების განვითარებისთვის იბრძვიან. ამით კი, თავის მხრივ, ის შექმნის ხელსაყრელ გარემოს:
1. საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეჩერებისთვის;
2. ვიზა ლიბერალიზაციის გადასახედად და სანქციებისთვის;
3. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებთან თანამეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებისთვის;
4. ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების კიდევ უფრო მეტად დისკრიმინაციისთვის;
5. თავისუფალი მედიის და აზრის გაქრობისთვის;
6. განათლების, მეცნიერების, კვლევების შეზღუდვისა და შემცირებისთვის;
7. შემოქმედებით სფეროში ტოტალური კონტროლის დაწესებისთვის;
8. შრომითი უფლებების დარღვევების ლეგალიზებისთვის;
9. ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუარესებისთვის;
10. სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში დაწყებული პროცესების შეჩერებისთვის;
11. გარემოს დაცვის საკითხებში მნიშვნელოვანი უკუსვლისთვის. ეს ჩამონათვალიც კი სრულად ვერ ასახავს ზიანის იმ მასშტაბს, რომელიც კანონის ამოქმედებას მოჰყვება.
სამწუხარო რეალობაა, რომ პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური კადრები მასიურად ტოვებენ საქართველოს (ათობით სტიპენდიატიც კი პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი გახდა ბოლო წლებში), რამაც ქართულ შრომის ბაზარს დიდი ბზარი გაუჩინა. აღნიშნული კანონით ინტელექტუალური კაპიტალის გადინება კიდევ უფრო გაიზრდება. იგივე დინამიკა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება შრომით ბაზარზეც.
ჩვენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამებში გამარჯვებული სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების სტიპენდიატები, მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოთ „რუსული კანონი”!
საქართველოს ისტორია და აწმყო გვკარნახობს, რომ ჩვენი ცივილიზაციური, ისტორიული და გეოპოლიტიკური არჩევანი მხოლოდ დასავლურ სამყაროზე გადის. საქართველოს მოსახლეობამ რუსეთის ორასწლიანი ოკუპაციის მანძილზე დიდი მსხვერპლი გაიღო განვითარებულ სამყაროში ადგილის მოსაპოვებლად და მიგვაჩნია, რომ ყველანაირი რესურსი უნდა მივმართოთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ - ეს კი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში და მისი გადახედვა მიუღებელია.
მიმართვის დასასრულს, სინანულით გვსურს აღვნიშნოთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია, რომელსაც რუსული გავლენების წინააღმდეგ მოწინავეთა რიგებში უნდა ებრძოლა, სრულიად დადუმებულია.
ეს სიჩუმე ემსახურება მხოლოდ ერთეულების პირად კომფორტს, აღარ გამოხატავს ასოციაციის წევრების და კურსდამთავრებულთა ნებას, ღირებულებებს, მისწრაფებებს და ზოგადად, ეს სიჩუმე ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს, ღირებულებებს და დებულებასაც კი.
ხელმომწერები მივიჩნევთ, რომ საქართველოსთვის ამ გადამწყვეტ მომენტში კონსტრუქციული კრიტიკა, გამოხატვის თავისუფლება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დემოკრატიის პრინციპების უზრუნველყოფა ჩვენი არჩევანია, რომელსაც დაცვა ყოველთვის სჭირდება და დღეს დუმილი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. #არარუსულკანონს!“, - ნათქვამია სტიპენდიატების განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.