განათლების მინისტრის მოადგილე – თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური ვადა, ალბათ, 6 თვე იქნება, თუმცა ის, შეიძლება გაგრძელდეს

თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური ვადა, ალბათ, 6 თვე იქნება, თუმცა ის, შეიძლება გაგრძელდეს – ზოგადად, რეორგანიზაციის პროცესის ვადაში ჩაკეტვა არსად ხდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განათლების კომიტეტზე განაცხადა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტებთან კონსულტაციები გრძელდება.

როგორც გაბისონია აღნიშნავს, შეხვედრები შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთანაც გაიმართოს.

„ვადას რაც შეეხება – ალბათ, მინიმალური ვადა 6 თვე იქნება, თუმცა ის, შეიძლება, გასაგები მიზეზების გამო, გაგრძელდეს. რეორგანიზაციის პროცესის ვადაში ჩაკეტვა, ზოგადად, არსად ხდება, შესაბამისად, შესაძლებელია, პროგრამების დადარების ნაწილში იყოს პრობლემა, ასევე, ძალიან ბევრი პრობლემა იქნება საოპერაციო ნაწილში. გუშინ გვქონდა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ამაზე საუბარი და გვაჩვენეს ისეთი ტიპის ტექნიკური გამოწვევები, რომლებიც სამინისტროს პოზიციიდან შეიძლება დეტალებში არ ჩანდეს. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. მინისტრი ქვეყანაში არ იმყოფება, ის ვიზიტით, იერუსალიმშია წასული. ვფიქრობთ, ის პარასკევისთვის უკვე ქვეყანაში იქნება და საშუალება გვექნება შეხვედრები მყისიერად მოვაწყოთ. ასევე, შესაძლებელია, პრემიერ-მინისტრთანაც. მოკლედ, ეს კონსულტაციები გრძელდება. დღეს მე ვხვდები თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და შესაბამისად, საშუალება გვექნება, რომ თსუ-ს თვალსაზრისიც მოვისმინოთ თავიდან ბოლომდე. გუშინდელის მსგავსად, მოვინიშნავ ყველა საკითხს და მინისტრის დაბრუნებისთანავე, მათ ექნებათ პასუხები გაცემული,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო – საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად