განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებზე ისაუბრა და ყურადღება იმ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა, რაზეც კომიტეტი აპირებს მუშაობას.
მისი თქმით, კომიტეტი საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს გარკვეული პერიოდებით მოიწვევს და მათ ანგარიშებს მოისმენს. კომიტეტი ასევე გააგრძელებს თემატურ მოკვლევას სხვადასხვა მიმართულებით.
„სხვადასხვა ქვეყნის, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების განათლებისა და მეცნიერების კომიტეტებთან გვექნება ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იმისთვის, რომ ორმხრივი შეთანხმებების რეალიზაცია უფრო აქტიურად განხორციელდეს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.