განათლების ექს-მინისტრი ამილახვარი IBSU-ს კონსულტანტად დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დატოვა თანამდებობა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU-ს) კონსულტანტად დაინიშნა.
თავდაპირველად გავრცელებული ცნობების თანახმად, ამილახვარი რექტორად დაინიშნა, თუმცა უნივერსიტეტმა ეს ინფორმაცია უარყო. IBSU-ს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამილახვარი უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა.
ამავე განცხადების თანახმად, უნივერსიტეტს, რომელმაც სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია, „ამბიციური გეგმები აქვს“, ხოლო ამილახვარს „საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია“.
უნივერსიტეტის თანახმად, გიორგი ამილახვარი, როგორც „დარგის პროფესიონალი“, უნივერსიტეტს „დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში“.
გიორგი ამილახვარი მინისტრის პოსტიდან 28 სექტემბერს გადადგა. ბრიფინგზე განაცხადა, მან პრემიერ-მინისტრს და გუნდის წევრებს სთხოვა, „4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ, ისევ კერძო სექტორში დაბრუნებულიყო“.
„ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა“, - თქვა მან და „ქართული ოცნების“ ლიდერებს მადლობა გადაუხადა.
გიორგი ამილახვარი, - პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, - 2023 წლის 20 მარტიდან დაინიშნა მინისტრად და მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. ამილახვარი კი 2 ოქტომბერს ჩაანაცვლა ალექსანდრე წულაძემ.
„შავი ზღვის უნივერსიტეტი“, რომელიც წლების განმავლობაში „ჩაღლარის ქსელის“ ნაწილი იყო, 2023 წლის შემოდგომაზე გაიყიდა. მისი მფლობელია კახა შენგელია, რომელიც ამავე დროს „კავკასიის უნივერსიტეტის“ დირექტორია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.