გაიწვიეთ კანონი - ვარჰეი და ბორელი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავენ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეპ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღებას და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაიწვიოს კანონი.
„ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების, ასევე მათი ოჯახების დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - წერია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ოლივერ ვარჰეი 14 მაისს გავრცელებული განცხადებით მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიონ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის „დოკუმენტირებული შემთხვევები“.
ისინი იმეორებენ, რომ ევროპულმა საბჭომ ევროპას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის შესაბამის რეკომენდაციებზე პროგრესი იქნებოდა მიღწეული.
„ერთ-ერთი ეს ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლად ფუნქციონირების შესახებ. სხვა ორი ნაბიჯი ეხება დეპოლარიზაციასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბორელი და ვარჰეი ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო რეკომენდაციების მიუხედავად და „მიუხედავად დიდი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა“.
ისინი იმეორებენ, რომ ევროკავშირმა ცხადად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება არ შეესაბამება ევროკავშირის ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს.
„იგი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როდესაც გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რაც საფუძვლად უდევს საქართველოს ასოცირების შეთანხმებასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ ყველანაირ გზას“, - აცხადებელ ჟოზეპ ბორელი და ოლივერ ვარჰეი.
ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიონ კანონი:
„ამ კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირის გზაზე და განახორციელოს აუცილებელი რეფორმები. ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ“, - აცხადებენ ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩაანაცვლა.
„აგენტების კანონი“ ვენეციის კომისიაში 15 აპრილს გაგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა და სთხოვა კომისიას, დაჩქარებული წესით დაადგინოს, რამდენად შეესაბამება იგი ევროსაბჭოს სტანდარტებს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირობა აქვს დადებული, რომ კანონს ვეტოს დაადებს.
თუმცა პარლამენტს უბრალო უმრავლესობით შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.