გაზრდილი ექსპორტი და იმპორტი, ინფლაციის მიზნობრივზე დაბალი მაჩვენებელი, გაზრდილი შემოსავლები – საქართველო 2023 წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდით ასრულებს

საქართველო 2023 წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდით ასრულებს, საიდანაც მხოლოდ ნოემბრის თვეში ქვეყნის ეკონომიკა 5.9%-ითაა გაზრდილი. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა და ის დარგებიც განსაზღვრა, რომლებმაც ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობეს.
სტაბილურმა ეკონომიკურმა გარემომ საქართველოს მასშტაბური საერთაშორისო პროექტების განხორციელების საშუალება მისცა რამაც, თავის მხრივ, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები გააორმაგა. ამ ყველაფერმა საქართველოში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს და სამშენებლო სექტორს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა მეტი ბიზნესის საკეთებლად.
ამას გარდა, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში განსაკუთრებული როლი ითამაშა საშინაო და საგარეო ვაჭრობამ, რომელთა მაჩვენებლები, წინა წლებთან შედარებით და არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ასევე გაზრდილია. ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს ამბიციური გეგმები აქვს მომავალი წლისთვისაც – 2024 წელს საქართველო რამდენიმე უმსხვილეს საერთაშორისო პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელთა შორის უმთავრესი ანაკლიის პორტის მშენებლობა, ახალი სატრანზიტო დერეფნები და შავი ზღვის ელექტრო კაბელია, რომლებმაც საქართველო ევროპასა და აზიას შორის მთავარ დამაკავშირებელ ხიდად უნდა აქციოს.
მთელი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტაბილური მაჩვენებელი, როგორც მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. დადებითი ტენდენციები კი აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების შეფასებით, მომდევნო წლისთვის, პოზიტიური პროგნოზის წინაპირობაა.
ეკონომიკური პროგრესი, როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ადეკვატურად უნდა აისახოს. ოპონენტების საპასუხოდ კი მმართველ ძალაში, აქცენტს გაუმჯობესებულ სოციალურ პოლიტიკაზე აკეთებენ.
გაზრდილი ექსპორტი და იმპორტი, ვაჭრობა, ინფლაციის მიზნობრივზე დაბალი მაჩვენებელი, გაზრდილი შემოსავლები – ანალიტიკოსების შეფასებით, პოზიტიური პარამეტრების სტაბილურობის შენარჩუნება მოსახლეობის ყოველდღიურობაზე დადებითად აისახება.
ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, 2023 წლის შემაჯამებელ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, იანვრის თვეში გამოაქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე