ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა – ირაკლი კობახიძე

2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევადია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
პრემიერი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესში ბრიუსელის მეტი მოქნილობის საჭიროებაზე საუბრობს.
როგორც ირაკლი კობახიძე ინტერვიუში აღნიშნავს, ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა და გაერთიანებას ახალი წევრებისადმი მიდგომებში მეტი მოქნილობა სჭირდება. მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ ბიუროკრატიასთან აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა ის საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება.
„ჩვენ განუხრელად ვივლით ამ მიზნისკენ და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში საქართველოსადმი მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჯანსაღი ურთიერთობები არ არის, ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ და თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება.
„ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობებით, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ასე რომ, თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო