ბულგარეთმა სერგეი ლავროვის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე გაუხსნა
უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ პირველად, სერგეი ლავროვი NATO-ს წევრ ქვეყანაში ჩავა. ის ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს მინისტერიალზე გეგმავს დასწრებას, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.
ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარეა, გასულ კვირას ლავროვი მინისტერიალზე დასასწრებად მიიწვია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ NATO-ს წევრებმა რუსეთს თავიანთი ქვეყნების თავზე ფრენა აუკრძალეს. ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩასასვლელად ლავროვის თვითმფრინავს ბულგარეთმა საჰაერო სივრცე გაუხსნა.
ბულგარეთის საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული ნებართვის გაცემა ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნის საფუძველზე მოხდა სკოპიეში ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოში შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ამასთან, გამონაკლისი არ ვრცელდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.