ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბულგარეთის სკოლებში ლგბტქ „პროპაგანდას” კრძალავენ

7 აგვისტოს ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც სკოლებში ლგბტ „პროპაგანდას“ კრძალავს.
კანონში ნახსენებია ტერმინი „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია“, რასაც ოპოზიციური პარტიებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ტექსტი დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
სკოლამდელი და სასკოლო განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს 159-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ის პრორუსულმა პარტიამ „აღორძინებამ“ წარადგინა. კანონი კრძალავს განათლების სფეროში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ იდეებისა და შეხედულებების პირდაპირი ან ირიბი გზით წახალისებას. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში კანონის საწინააღდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო.
„ეს კანონი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ქონის დანაშაულად გამოცხადების პირველი ნაბიჯია. ჩემთვის ეს კანონი სრულიად მიუღებელია და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს“, – ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე ივან ივანოვი.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიები პრორუსული კანონის გატანას ცდილობენ.
„ბულგარეთის მთავრობა რუსეთისკენ იხრება და არა დასავლეთისკენ. ჩემი აზრით, ეს საკანონმდებლო ცვლილებების მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მომავალში ლგბტქ+ საზოგადოებას უფრო მეტ შეზღუდვებს დაუწესებენ“, – ამბობს აქციის მონაწილე.
სამოქალაქო აქტივისტები თუ უფლებადამცველები ამბობენ, რომ შესწორება შეუძლებელს გახდის სკოლებში მოზარდების, ასევე ლგბტ თემის წარმომადგენლების შევიწროებისგან დაცვას. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, კანონი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
წყარო: euronewsgeorgia

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.