ბსუ-ს ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მუსტაფა სითქი ბილგინი, რექტორის მოადგილე, ბულენთ საღლამი, გენერალური მდივანი მუჰამედ არდიჩი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰაკან გულთექინი და რექტორის თანაშემწე იუსუფ ქალქანი ბსუ-ს რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს შეხვდნენ.
როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Horizon 2020“-ისა და „ERASMUS+“-ის პროგრამებში ერთობლივი სამეცნიერო პროექტების წარდგენა დაგეგმეს.
„ქართველი და თურქი მკვლევრები ერთობლივად იმუშავებენ სამკურნალო და არომატული მცენარეების, ფარმაციის, წყლის, შავი ზღვისა და აგრარული მიმართულების სხვა აქტუალურ საკითხებზე. ასევე დაიგეგმა თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმისა და გასტრონომიის მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილეები – თამარ სირაძე და ანზორ ბერიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია, ბსუ-ს აგროსკოლის დირექტორი მამუკა თურმანიძე, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი მარიამ მეტრეველი და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი დაათვალიერეს და კვლევებს ადგილზე გაეცნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ