ბრიტანეთის საელჩო: არასამთავრობოების ანგარიშების დაყადაღების მიზანი შესაძლოა მათი გაჩუმება იყოს

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში შეშფოთებულია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებით. საელჩო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, „გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“.
„დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საბანკო ანგარიშები გაეყინა შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი მხრიდან არა რაიმე უკანონონო ქმედებაზე რეაგირება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება“, – წერია განცხადებაში.
საელჩო აღნიშნავს, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საკითხებზე, ინფორმაციის თავისუფლებაზე, ქალთა, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებზე:
„მათი დახურვა ზიანს მიაყენებს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ უფრო შეასუსტებს დემოკრატიული დაცვის მექანიზმების არსებობას და ანგარიშვალდებულებას ქვეყანაში“.
27 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დააყადაღეს შვიდი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. ეს ორგანიზაციებია:
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;
· „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);
· „დემოკრატიის მცველები“;
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);
· „საფარი“;
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).
პროკურატურის შუამდგომლობა ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
მათ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან, „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში. ამავე საქმის ფარგლებში მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის „ნანუკას ფონდი“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, დეპუტატ ლევან მაჭავარიანის თანახმად, ორგანიზაციები „ირიბად ახალისებდნენ“, რომ აქციის მონაწილეებს „მეტი დანაშაული ჩაედინათ“. მისი თქმით, „რა თქმა უნდა, აქ იკვეთება საბოტაჟის მცდელობა და შესაბამისად, პროკურატურა ყველაფერზე პასუხს გასცემს“.
გამოძიება ასევე ამბობს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა „სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად“ – როდესაც აქციებზე „ძალადობის საქმეების“ მიმართ არაერთი კითხვა არსებობს.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ანგარიშებსაც პროკურატურის მოთხოვნით ყადაღა დაადეს, აცხადებენ, რომ ამ შეზღუდვის მიუხედავად, საქმიანობას განაგრძობენ.
მათი თქმით, კვლავ განაგრძობენ ბრძოლას „ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ“ და გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რომ „ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ