ბოლო 24 საათში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული –

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, კიდევ 7 პირს კი ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ორი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

„დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდებს დახმარების მიზნით, პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა, 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ -ში.