ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ცხინვალში უკრაინიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი მეორე მოხალისე დაასაფლავეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი მებრძოლი დაასაფლავეს. რუდოლფ ცხოვრებოვი უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. ოსური მედიის ცნობით, ის ომში მოხალისედ იყო წასული. მისი კვალი გასული წლის ბოლოს დაიკარგა. დაღუპული მებრძოლის ცხედარი კი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს და მისი ამოცნობა მხოლოდ დეენემის ანალიზით გახდა შესაძლებელი. ცხოვრებოვის დასაფლავებაზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი მივიდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაგლოევმა ცხოვრებოვი, სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს დამცველის მედლით დააჯილდოვა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებულ მებრძოლს ასაფლავებენ. 24 მარტს დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში დაასაფლავეს ზელიმ ხარებოვი, რომელიც ასევე მოხალისედ იყო წასული ომში და ზაპოროჟიეს მხარეში, სოფელ რაბოტინოსთან დაიღუპა.
ღია წყაროების ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 45-მდე მკვიდრი დაიღუპა.
რუსეთის მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზის კონტრაქტით მომსახურე სამხედროები, ცხინვალიდან უკრაინაში 2022 წელს ორ ეტაპად გაამგზავრეს. 2022 წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით, 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.