ბოლნისში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე კაცს 1 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებული კაცი დამნაშავედ ცნო. მას 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს“, – აცხადებს პროკურატურა.
ძაღლის ცემის ფაქტზე კაცი 2024 წლის 9 იანვარს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ცემის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის არა მესამე, არამედ პირველი ნაწილით – ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია.
წყარო: პუბლიკა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.