ბოკუჩავა: ლამინირებული პირადობების ID-ით ჩანაცვლების კამპანიის დაწყებაზე პირობა მივიღეთ

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, არსებული მონაცემებით, საქართველოს 223 554 მოქალაქეს მხოლოდ ლამინირებული პირადობის მოწმობა აქვს, რაც არჩევნების გაყალბებისთვის ძალიან დიდ რისკს წარმოადგენს.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს მიიღეს პირობა, რომ იუსტიციის სამინისტრო ლამინირებული პირადობების ID ბარათებით ჩანაცვლების კამპანიას დაიწყებს.
“პრინციპულად მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნებამდე, რომ ამ ადამიანებმა გამოცვალონ პირადობის მოწმობა. რა თქმა უნდა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ საარჩევნო უფლების დაცვის მნიშვნელობა და შესაბამისად, პოზიტიური ვალდებულებაა ხელისუფლებაზე, რომ კამპანიის ფარგლებში და მათ შორის, იმით, რომ უფასოდ შესთავაზოს ამ პირებს ID ბარათის აღება მოხდეს მაქსიმალურად ჩანაცვლება ძველი პირადობების ახალი ID ბარათის.
დღესდღეობით მივიღეთ ერთგვარი პირობა, რომ ეს ასე მოხდება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ გაყალბების ეს ბერკეტი აღარ ჰქონდეს ხელისუფლებას. მივიღეთ პირობა, რომ იუსტიციის სახლი დაიწყებს კამპანიას იმისთვის, რომ მოხდეს ჩანაცვლება და ეს მაჩვენებელი მინიმუმამდე დავწიოთ”, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, უნდა შეჩერდეს ამასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვაც და თუ ასე არ მოხდა, გამოჩნდება, რომ ეს დაპირება ყალბი იყო.
“სავარაუდოდ, უნდა გაჩერდეს აღნიშნული პროექტის განხილვა და ის ჩანაწერი შენარჩუნდეს საარჩევნო კოდექსში, რომელიც ხმის მიცემის უფლებას ითვალისწინებს პირებისთვის, რომლებსაც აქვთ ან პასპორტი, ან ID. ეს უნდა მოხდეს პარალელურ რეჟიმში […] მათ თქვეს, რომ ჩანაცვლების პოლიტიკური ნება არსებობს, რომ იქნება გონივრული ვადა ამისთვის განსაზღვრული და რომ ინტენსიურ კამპანიას დაიწყებს ამისთვის სახელმწიფო”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ინჯიას ინიციატივით, არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლებით საქართველოს იმ მოქალაქეებმაც უნდა ისარგებლონ, რომლებსაც არა ID ბარათები, არამედ ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები აქვთ. ოპოზიცია ამ ინიციატივაში არჩევნების გაყალბების საფრთხეს ხედავს.