ბოკუჩავა: ივანიშვილი ცდილობს, პარტიების გაუქმების თემით საერთაშორისო პარტნიორებთან ივაჭროს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რეჟიმი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ ძველ სარჩელს გამოითხოვს და ახალს შეიტანს – რომელშიც, “ასაკრძალი” პარტიების სიას ფედერალისტები დაემატება.
“სინამდვილეში, ქოცებს ეს ტაკიმასხარაობა იმიტომ დასჭირდათ, რომ ივანიშვილი ცდილობს, დრო მოიგოს. ის ცდილობს, პარტიების გაუქმების საკითხით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ივაჭროს და ეგონა, რომ ამ დრომდე, შანტაჟისა და ფეხების ბაკუნის პოლიტიკით რაღაცას გახდებოდა – რომ მათ ეტყოდა: ჩემ მიმართ დაწესებული სანქციები გააუქმეთ, ხელი ჩამომართვით, მაღიარეთ და პარტიებს არ გავაუქმებო, მაგრამ ნახა, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში, შანტაჟისა და ფეხების ბაკუნის პოლიტიკამ არ გაჭრა და ახლა ცდილობს, დრო მოიგოს და სარჩელი თავიდან შეიტანოს, რათა 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწყოს.
უბრალოდ, მას უნდა ესმოდეს, რომ ეს სარჩელი რამდენჯერაც არ უნდა შეიტანოს, გამოიტანოს და დროის მოგებას ეცადოს, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან გადატვირთვა მისი პირობებით ვერანაირად ვერ მოხდება. ამას ირაკლი ვერ იზამს, რომელმაც ამერიკელებსაც გადაკიდა და ევროპელებსაც. ამისთვის საჭიროა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის რეალურად ნორმალიზებისთვის აუცილებელი წინაპირობების შექმნა, რაც გულისხმობს: პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების გაუქმებას, დამნაშავეების დასჯას და საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის გაჩენას”. – თქვა ბოკუჩავამ.
ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ახალ, “დაკორექტირებულ სარჩელს” შეიტანენ პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, სადაც ახალთან, ნაციონალურ მოძრაობასთან და ლელოსთან ერთად, პარტია ფედერალისტების აკრძალვასაც მოითხოვენ.
რომელ პარტიებს და რატომ (არ) კრძალავს რეჟიმი
2025 წლის 28 ოქტომბერს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური მოძრაობები ხალხის ძალა და ევროპული სოციალისტები უერთდებიან, 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვდნენ.
ეს პარტიებია – ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო.
2025 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქართული ოცნების კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც ივანიშვილის გუნდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვდა.
სარჩელში ასევე არის “მცირე პარტიების” ჩამონათვალი, რომლის აკრძალვასაც ოცნება მაშინ არ ითხოვდა, თუმცა მათი “არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ”.