ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიციაა შესული
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილის, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიციაა მობილიზებული - ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ, რომლებსაც სამართალდამცველები არ უხნიან რა მიზნით არიან მის სახლში შესულები და არც თავად აბაშიძეს აძლევენ ადვოკატთან ან ოჯახის წევრებთან კონტაქტის საშუალებას.
როგორც უჩას ძმამ, გოგი აბაშიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის მისვლის შესახებ ოჯახის ახლობლისგან გაიგეს, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობს, მყისიერად მივიდნენ ადგილზე, თუმცა პოლიციისგან ვერ ახერხებენ ვერანაირი ინფორმაციის მიღებას, მათ შორის არ იციან არც ის, რომელ უწყებას წარმოადგენენ სამართალდამცველები და არც ის, აქვს თუ არა აბაშიძეს უკვე დაკავებულის სტატუსი.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას ამ საკითხზე - მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
9 მაისის დილას, 10 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტოში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება "საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" და გამოიკითხება ყველა ის პირი, "რომლებსაც შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონდეთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან." ეს გამოძიება წარმოებს სისხლის სამართლის სამი მუხლით:
· 222-ე მუხლი (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება);
· 225-ე მუხლი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა);
· 226-ე მუხლი ( ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.)
8 მაისს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ არსებობს „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების” საფრთხე. ისევე, როგორც 2023 წლის სექტემბერში, სუსი ლაპარაკობს „მაიდანის სცენარზე" და პროცესების უცხოეთიდან დაფინანსებაზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.