ბიძინა ივანიშვილი – ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ გუნდი 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა – ჩემი მიზანი ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა

ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ გუნდი 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა, შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანია არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია საჭიროებს ახალი სიმძიმის ცენტრს და სწორედ მის მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება, ივანიშვილის თქმით, დღეს დროული და აუცილებელია.
„ამისთვის 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი, ჩემი სურვილი არ არის შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას. ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ჩვენი ვალია ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ და ამისთვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ჩვენი სამშობლო, ჩვენი ღირსეული და ამაყი ერი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, საქართველოს წინსვლისა და წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ, სწორედ ამ პასუხისმგებლობამ დამაბრუნა კიდევ ერთხელ პოლიტიკაში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის