“ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, პარლამენტი, პროკურატურა, სასამართლო, არალეგიტიმური, რა თქმა უნდა, არის მონათა ერთობლიობა” – ამის შესახებ “ემსახურე საქართველოს” თავმჯდომარემ, მურმან დუმბაძემ განაცხადა.
პოლიტიკოსმა “ოცნებაში” განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, მამუკა მდინარაძე 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე იყო მონა, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგაც არის მონა – “ბიძინა ივანიშვილმა ეს მონა გამოიჭირა და უკეთებს იმას, რაც მას ერგება”.
მდინარაძე არის მონა და მონას ისე ექცევიან, როგორც ექცევიან. გაგიგონიათ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე მდინარაძის სახელი და გვარი? სადმე – ან პოლიტიკაში, ან საგაზეთო ინტერვიუ, ან რადიო გამოსვლა, ან მოქალაქესთან ცოცხალი საუბარი. სადმე თუ გაგიგონიათ მისი სახელი და გვარი, დღეს რომ ასე შემტევია, ასე ორგანიზებული, მთავარი ლიდერის პოზიციაში გამოდის, უმრავლესობის ლიდერიც იყო საქართველოს პარლამენტში, რომელიც ებრძვის სისხლიან 9 წელს, ებრძვის მიხეილ სააკაშვილს, “ნაციონალურ მოძრაობას” და ბოლომდე უნდა ამოალპოს ციხეში. ეს არის მონა, ბიძინა ივანიშვილმა ეს მონა გამოიჭირა, იცის ამ კაცმა ამ ადამიანების გამოცნობა და სწორედ ამ ყველაზე მთავარი პარამეტრით, რომ მას შეუძლია ყველაზე სარფიანად შეუსრულოს ის საქმე, რასაც ბიძინა ივანიშვილი ავალებს, ამის გამო ჰყავს მიყვანილი პოლიტიკაში და უკეთებს იმას, რაც მას ერგება, მას მეტი არ ერგება. […]
ახია მდინარაძეზე, ამიტომ ძალიან ვერ ვინერვიულებ, ეს კაცი ასეთია, ასეთად გააჩინა ღმერთმა, დაბადებულია ფორთხვისთვის, ის ამაყად ვერასდროს ვერ გაივლის, არც გაუვლია არასდროს ამაყად იმიტომ, რომ როცა ასეთი გულდიდი ხარ, ოცა საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებ და მერე უმრავლესობის ლიდერობას დაიჩემებ და იქიდან ჩვენ გვმოძღვრავ… ბუნებრივია, მის მიმართ რაიმე სენტიმენტები ვერ მექნება, მხოლოდ ვიტყვი იმას, რომ არის მონა და მაგის გამო თუ ჩვენ დაგვიჭერენ, ჩვენ მზად ვართ, რომ წავიდეთ ციხეში.
მდინარაძე, როგორც ჩანს, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე იყო მონა, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგაც არის მონა და დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, პარლამენტი, პროკურატურა, სასამართლო, არალეგიტიმური, რა თქმა უნდა, არის მონათა ერთობლიობა, რომელიც ასრულებს ამ კაცის დავალებებს,” – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
ამასთან, სექტემბრიდან გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც 2025 წლის აპრილში გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილების გატარებამდე, მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდება, მამუკა მდინარაძე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს;
“ქართული ოცბნების” გადაწყვეტილებით, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც ამ დრომდე სუს-იდან გადმოყვანილი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა.
ამ დროისთვის ოფიციალურად გავრცელებული ცნობით, მამუკა მდინარაძე კვლავ იქნება ვიცე-პრემიერი.




