ბექა ნაცვლიშვილი – 2012 წელს რევოლუციური ცვლილება იყო, მაგრამ სისტემის ცვლილება იმ ფორმით, რა მოლოდინიც არსებობდა, არ მომხდარა – „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ჩამოეყალიბებინა მონოლითური პარტია, სადაც პოლიტიკოსები აღარ არიან

1 -ელი ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში, ამას ნამდვილად ვადასტურებ და ვარ ამაყი, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ – მე ამას ვარქმევ, რევოლუციას საარჩევნო ყუთებთან, ეს რევოლუციური ხასიათის ცვლილება იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განახადა.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ეკონომიკური თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა, ქართულმა ოცნებამ“ არ შეცვალა“

“ეს არ იყო უბრალოდ არჩევნებით ხელისუფლების დათმობა, უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ იძულებული აღმოჩნდა, დიდი და მძიმე ექსცესების გარეშე დაეთმო ხელისუფლება. მე ამას ვარქმევ, რევოლუციას საარჩევნო ყუთებთან. გარკვეული თვალსაზრისით, ეს რევოლუციური ხასიათის ცვლილება იყო. რევოლუცია ნიშნავს სისტემის ცვლილებას და სამწუხაროდ, იმ ფორმით, რა მოლოდინიც არსებობდა სისტემის ცვლილების, რა თქმა უნდა, არ განხორციელებულა.

1 -ელ ოქტომბრის გამარჯვება, ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არ არის. 2012 წელს ხომ არ ვგლეჯთ საქართველოს ისტორიიდან. 2006 წელს ჩამოვედი უცხოეთიდან და მის მერე ქუჩაში ვიყავი 2012 წლამდე. ჩემზე მეტი ბრძოლის გამოცდილების მქონე ადამიანები იყვნენ ამ კოალიციაში. ბრძოლა მიმდინარეობდა მაინც, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის გარეშე შედეგი არ იყო, მაგრამ მისმა გამოჩენამ ამ ბრძოლას ბევრად უფრო დიდი მუხტი შესძინა, რამაც შემდეგ გარდამტეხი ცვლილების შესაძლებლობა გააჩინა. ვერ ვიტყვით ცალსახად, რომ ერთი ადამიანის ან ადამიანთან ჯგუფის დამსახურებაა.

1 -ელი ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში, ამას ნამდვილად ვადასტურებ და ვარ ამაყი, რომ ვარ მონაწილე ამ პროცესის. როდესაც პირველი პარლამენტი შეიკრიბა, ეს იყო პოლიტიკოსების პარლამენტი. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა, მაშინ ბევრად უფრო მაღალი იყო საზოგადოების მიმართ და ეს პოლიტიკოსები თვითმყოფადი ადამიანებიც იყვნენ. მათ მიერ სიტყვის გატეხა ან დაპირებებზე გადახვევა ბევრად უფრო რთული იყო. შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ჩამოეყალიბებინა მონოლითური პარტია. პრაგმატული თვალსაზრისით, მონოლითური პარტიის ჩამოყალიბების გეგმა სწორიც იყო. ძალიან რთულია მარტო ქვეყანა, როდესაც თვითონ შენ გუნდშიც ძალიან განსხვავებული იდეოლოგიის ხალხი გყავს, მაგრამ პრობლემა რაშია? „ქართული ოცნება“ პარტიად ვერ ჩამოყალიბდა იმიტომ, რომ პოლიტიკოსები აღარ იყვნენ იქ. ის ადამიანები აღარ იყვნენ, ვინც ბრძოლის წიაღიდან მოდიოდნენ. დღეს იქ პოლიტიკოსი ძალიან ცოტაა. თითო-ოროლა თუ შემორჩა პოლიტიკოსი „ქართულ ოცნებაში“. ის ადამიანები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან, არავის არ ახსოვს,როგორც პოლიტიკური ფიგურები. ვინც ლიდერი ხდება მმართველი გუნდის, იქ მასთან დაახლოებული ადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ სიაში ეწერებიან და პარლამენტში არიან ხოლმე. პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, მაგრამ პოლიტიკოსები არ არიან“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ქვეყანაში არის ძალიან დიდი მასშტაბის კორუფცია და ამას ადასტურებს მაღალჩინოსნების დაკავება.

„კორუფცია რომ არის, „ქართული ოცნებაც“ არ უარყოფს. მე ვხედავ, რომ კორუფცია არის. ცხადია კორუფცია არის ძალიან დიდი მასშტაბის და ამას ადასტურებს მაღალჩინოსნების დაკავება, რომლებიც ციხეში არიან. მაგრამ რეალურად რას უკავშირდება მაღალჩინოსნების დაკავება, კორუფციასთან ბრძოლას თუ წილების გადმობარებას, რთულია ამაზე საუბარი“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.