ბექა ლილუაშვილი – ვინც ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, აუხსნან საზოგადოებას ალტერნატიული სცენარი – არიან სუბიექტები, რომელთა რეგიონულ შეხვედრებზეც ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ მიდის ნიადაგის მოსინჯვა და აქტივთან შეხვედრები

პლატფორმის არსებობამ აჩვენა, რომ ის არ არის საკმარისი და ძირითადი პოლიტიკური პროცესის შემქმნელი, რომლის ამარადაც შეიძლება დავტოვოთ ქვეყნის ევროპული მომავალი – ჯერ კიდევ არის გადაულახავი ბარიერები, რომელიც არ იძლევა ამის საშუალებას, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
კითხვაზე, დატოვეთ თუ არა სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა, ბექა ლილუაშვილი პასუხობს: „არაფერი არ დაგვიტოვებია ყველგან გამოვჩნდებით და ვიქნებით იქ, სადაც დავინახავთ რეალური საქმის, ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას“.
„ჩვენ თუ სადღაც ვჩნდებით ან არ ვჩნდებით, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას თავისი პოლიტიკური მიზანი და ამოცანა აქვს. ჩვენ არაფერი არ დაგვიტოვებია ყველგან გამოვჩნდებით და ვიქნებით იქ, სადაც დავინახავთ რეალური საქმის, ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას. სადაც ვერ დავინახავთ ამ შესაძლებლობას, იქ ნაკლებად გამოვჩნდებით, შეიძლება საერთოდ არ გამოვჩნდეთ.
პლატფორმა არ დაგვიტოვებია. რამდენადაც ამ პლატფორმას რაიმეზე გავლენის შესაძლებლობა აქვს, მაგალითად საზოგადოებრივ განწყობაზე, ამ მიმართულებით ჩართული ვართ. არის თუ არა ძირითადი პოლიტიკური პროცესის შემქმნელი ეს პლატფორმა და ამის ამარად შეიძლება თუ არა დარჩენა? მგონია, რომ არ შეიძლება. ამიტომაც ვჩანვართ იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ვჩანვართ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებისთვის ემზადებიან, თუმცა მათ რეგიონულ შეხვედრებზე ინფორმაციაც არ გავრცელებულა.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, თვითმმართველობა იქნება, საპარლამენტო თუ სხვა. გვგონია, რომ დღევანდელი მოცემულობით ნებისმიერი განსხვავებული პროცესი იქნება აბსოლუტურად დამაბნეველი საზოგადოებისთვის. ვინც ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, უბრალოდ დასხდნენ და აუხსნან საზოგადოებას, ჩვენ ხომ არ მოგვისმენია არავის ალტერნატიული გზა, ალტერნატიული სცენარი, თუ რას აპირებენ…
ზოგი ამბობს, რომ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას და რეგიონებში [არჩევნებისთვის] ემზადებიან. „ლელოს“ შეხვედრები იმიტომ იცით, რომ ამაზე ინფორმაცია გავრცელდა და თქვენამდე მოვიდა, მაგრამ არიან სუბიექტები, რომელთა რეგიონულ შეხვედრებზეც ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიმდინარეობს ნიადაგის მოსინჯვა და თავიანთ პარტიულ აქტივთან შეხვედრები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება