ბაჩო დოლიძე: ვიმედოვნებთ, თებერვალში შევძლებთ ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ახალი პარტიის პრეზენტაცია, რომლის დაფუძნებასაც ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარესთან, სთან ერთად გეგმავს, თებერვალში იგეგმება. მისივე თქმით, მანამდე, მიმდინარეობს კონსულტაციები პოლიტიკოსებთან, “ძველ და ახალ სახეებთან”. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
“როდესაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემოთავაზება და ხედვა ჩვენი ამომრჩევლისთვის, მაშინ წარვუდგებით საზოგადოებას. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ჩანს, თუმცა ნაკლები კონკრეტიკაა…
ბევრი ტექნიკური საკითხია გასავლელი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ თებერვალში ეს ტექნიკური ხასიათის საკითხები მოგვარდება და ოფიციალურად შევძლებთ წარვდგეთ და ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია გავაკეთოთ. მთავარი ნაწილია არა ტექნიკური ნაწილი, არამედ ის შეთავაზებები…
მიმდინარეობს კონსულტაციები ძალიან საინტერესო ადამიანებთან, არამხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრებთან. არიან ძველი და ახალი პოლიტიკოსები, ასევე ახალი სახეებიც არიან. რეპუტაციულად საინტერესო ადამიანები არიან. ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან არარსებულ, არარეგისტრირებულ პარტიასთან ბევრს სურს პარტნიორობა. ეს არის ძალიან სასიამოვნო და მეტ სტიმულს გვაძლევს”, – თქვა ბაჩო დოლიძემ.
მისივე სიტყვებით, არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას და არჩევნებში საერთო სიით გასვლას არ გეგმავენ, არამედ აპირებენ, ჰქონდეთ დამოუკიდებელი ნომერი.
ნიკა მელიამ 7 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ “მივდივარ წინ, მომავლისკენ”. მოგვიანებით, მან დააზუსტა, რომ ტოვებს “ნაციონალურ მოძრაობას” და აფუძნებს ახალ პარტიას.
“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.