თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე, რომელიც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას: “ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს”, ეხება, განაჩენი ხვალ, 6 ივლისს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული. სწორედ ამ დღეს უწევს ბაჩო ახალაიას პროცედურულად საბოლოო სიტყვის წარმოთქმა, რისი უფლებითაც, მისი ადვოკატისა და მეუღლის, ანი ნადარეიშვილის თქმით, ახალაია არ ისარგებლებს.
გასულ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული ახალაია.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზისთვის: “მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს”, წაუყენეს. ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




