„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განახლების სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს“ – ერდოღანი

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განახლების სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
„კრიტიკული გამოწვევების პერიოდში უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყნების პოტენციალი ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, არსებითად, ამის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული მაგალითია, იმისთვის, რომ ამ სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტურობა მივიღოთ, სარემონტო სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის დეკემბერში აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ პროექტის 90 პროცენტი, რომელსაც მთელი მსოფლიო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, უკვე დასრულებული იყო.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე) შეადგინა.
რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი, ჯამში $775 მილიონი გამოუყო.
შეგახსენებთ, რომ წელიწად-ნახევრის წინ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის გაფართოებისთვის 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდებოდა.