ბაკურაძე აცხადებს, რომ სანამ ბუჩუკური ბოდიშს არ მოიხდის, ,,რუსთავი 2” გახარიას პარტიას არ გააშუქებს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე აცხადებს, რომ სანამ ანა ბუჩუკური ნინო შუბლაძის მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე ბოდიშს არ მოიხდის, ტელეკომპანია პარტია „გახარია — საქართველოსთვის“ აქტივობებს არ გააშუქებს.
„არხის სახელით ვაცხადებ, რომ ვიდრე ხსენებული პოლიტიკოსი საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ასევე, მათ აღარ დაეთმობათ ეთერი ჩვენი არხის პოლიტიკურ გადაცემებში”, — აცხადებს ბაკურაძე.
ანა ბუჩუკურმა „რუსთავი 2“-ს სუსის ფილიალი უწოდა და თქვა, რომ ნინო შუბლაძე პროფესიით მსახურია.
„ქალბატონო ნინო, თქვენ ჟურნალისტი არ ხართ. თქვენ პირადად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს მაშინდელი პროპაგანდის მსახური იყავით — ადამიანებს რომ აწამებდნენ, ზუსტად მაგ დროს. დღეს ივანიშვილის რეჟიმის მსახური ხართ. ხვალ იმას მოემსახურებით, ვინც მეტს გადაგიხდით. ეს არ არის ჟურნალისტობა“, — დაწერა ბუჩუკურმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე. (ბათუმელები)

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)