ბაიდენი კვლავ შეეცდება კონგრესის დარწმუნებას უკრაინის დახმარების აუცილებლობაში
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის ლიდერებს შეხვდება. თეთრ სახლში 27 თებერვალს დანიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების გაწევის აუცილებლობა.
პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი და სენატში დემოკრატების უმრავლესობის და რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერები, ჩაკ შუმერი და მიჩ მაკკონელი.
კონგრესში რესპუბლიკელების დიდი ნაწილის წინააღმდეგობის გამო, აშშ ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო თანხის გამოყოფას.
სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში. რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არსაკმარისად მიიჩნევენ.
დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე თვეა ცდილობს კონგრესის დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება საჭიროა არა მხოლოდ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად, არამედ აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინაში სიკვდილი ელოდება მილიონობით ადამიანს.
25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკის ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტმა ჰკითხა რესპუბლიკელი სენატორის, ჯეი დი ვენსის განცხადებაზე, რომ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება ბრძოლის ველზე რეალობას ვერ შეცვლის. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ სენატორს ესმის, რა ხდება უკრაინაში, რადგან ამის გასაგებად ფრონტის ხაზზე უნდა ჩახვიდე, ხალხს დაელაპარაკო და მიხვდები, რომ მხარდაჭერის გარეშე მილიონობით ადამიანს მოკლავენ.
უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ აშშ-ის კონგრესი დაფინანსების გაგრძელების საკითხს დადებითად გადაწყვეტს.
2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
2022-2023 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.
დაწერეთ კომენტარი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.