დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში ჩუქურთმა მოანგრიეს ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სახლს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კადრები, როგორ ამტვრევდნენ კულტურული მემკვიდრეობის ორსართულიან ძეგლს ჩუქურთმას მოქალაქეებმა გადაიღეს.
ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ავთენტური ჩუქურთმა უნდა მოიხსნას, რადგან დაზიანებულია, თუმცა მონგრევას დიდი დრო მოანდომეს, როგორც ჩანს ჩუქურთმა „სათანადოდ დაზიანებული“ არ იყო.
რატომ ხსინიან მე-19 საუკუნის ბოლოს აგებულ სახლს ჩუქურთმას, რომლის მოსაშლელად ჩაქუჩის და სპეციალური ელექტროაპარატის გამოყენება გახდა საჭირო? – ადგილზე მყოფმა სპეციალისტმა, რომელიც „ბათუმელებს“ გაეცნო როგორც რესტავრატორი გიორგი ხელაძე, გვითხრა, რომ ჩუქურთმა დაზიანებულია და ახალი, „ანალოგიური“ უნდა დამაგრდეს.
„ანალოგიური ქვით, ანალოგიური ჩუქურთმა დამაგრდება“ – გვითხრა მან.
მსგავსი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესაბამისი ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონდარღვევაა.
შეთანხმებულია თუ არა ძეგლზე ჩუქურთმის მოშლა სააგენტოსთან? – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში „ბათუმელებს“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ წერილობით უპასუხეს.
„კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი უმფრიანის განმარტებით, ფასადის ერთ-ერთ მონაკვეთზე არსებული დეკორატიული ფიგურა აღარ იყო შემორჩენილი. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის გაწმენდა და ზედაპირის მომზადება, რათა შესაბამის ადგილას, სრული ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით, იმავე ტიპის ქვაში შესრულებული ფიგურა განთავსდეს.
რაც შეეხება ფასადზე არსებულ მეორე ფიგურას, დაგეგმილია მისი კონსერვაცია და აღდგენა. ადგილზე მუშაობს რესტავრატორი, რომელიც შესაბამის ზედაპირს ავთენტური სახის ფიგურის განსათავსებლად ამზადებს“ – მოგვწერეს სააგენტოდან.

სამუშაოები ზვიად გამსახურდიას 9 ნომერში. ჩუქურთმის მოსაშლელად ჩაქუჩს და ელექტროხელსაწყოს იყენებენ
ძველი ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ფასადების რეაბილიტაციაზე კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს მუნიციპალური ფონდის დაკვეთით. ამ კომპანიამ სახელმწიფოსთან, ძველი ბათუმის რეაბილიტაცია-რესტავრაციისთვის 200 მილიონის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
შესყიდვების პორტალის მიხედვით ამ დროისთვის კომპანიისთვის უკვე გადახდილია 184 157 622 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 92 პროცენტი]. აქედან ჯამში 80 მილიონი ლარი სხვადასხვა დროს ავანსადაა გადარიცხული.
ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ორსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახლი აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს. ძეგლის აღრიცხვის ბარათში მითითებულია მისი აგების თარიღიც – 1891 წელი.
ძეგლის აღრიცხვის ბარათის თანახმად, სახლი ტერ-ბაღდასაროვის საკუთრებას წარმოადგენდა.
„შენობის ბაროკულ-კლასიცისტური იერი, შესრულების მაღალი დონე და ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში მისი გამორჩეულობა, დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ძეგლს“ – ვკითხულობთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღრიცხვის ბარათში.




