ბაზარი 4 ლარიანი ჩინური ქათმით გადაივსო - როგორ ებრძვიან ქართველი მწარმოებლები გაკოტრებას (ვიდეო)

პარლამენტში მისულმა ქართველმა მწარმოებლებმა ფასების კომისიაზე პირდაპირ თქვეს, რომ სახელმწიფო გადასახადები მათთვის მძიმე წნეხია, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები დღგ-სგან უნდა გათავისუფლდეს.
კვერცხის მწარმოებელს პრობლემაზე საუბარი არ აცადეს - სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს და მოუწოდეს ესაუბრა არა დღგ-ზე, არამედ მაღაზიების მხრიდან დაწესებულ გადასახადზე.
რატომ გაძვირდა იანვარში კვერცხი და რატომ გაიაფდა რამდენიმე კვირაში? - ბიზნესი დღეს ამტკიცებდა, რომ ფასების ცვლილების უკან არანაირი კარტერული გარიგება არ დგას , კვერცხის მწარმოებლები ხელისუფლებას თავისი წილი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.
სახელმწიფო გადასახადების გარდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის დიდი წნეხია მაღაზიების მხრიდან დაკისრებული გადასახადი - ეწ ქეშბექი, რომელის პროდუქტის საბოლოო ფასის მინიმუმ 36 პროცენტს შეადგენს. მაგალითად, თუ დიასახლისი ძეხვს 10 ლარად ყიდულობს მაღაზიაში, უნდა იცოდეს, რომ ამ პროდუქტის თვითღირებულება 4 ლარი და 50 თეთრია, ხოლო 3 ლარი და 60 თეთრი რჩება მაღაზიებს.
თუ ქართული წარმოება ძვირია, მაშინ ბაზარს ადგილობრივის ნაცვლად იმპორტირებული იკავებს - ასე მოხდა ქათმის ფილეს შემთხვევაშიც - როცა ჩინეთიდან ქათმის მკერდი 4 ლარად შემოვიდა, ამ შემთხვევამ ქართველი მწარმოებლები იძულებული გახადა ექსპორტზე ემუშავა. არადა ჩინური წარმობის იაფიანი ქათმის ხორცი ბევრ ქვეყანაში აკრძალუილია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.