ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაზარი მშვიდდება, ლარის გაუფასურება ერთჯერადი ემოციური რეაქცია იყო - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, BMG-სთან განმარტავს, რომ გასულ კვირას ლარის გაუფასურების მიზეზი მოკლევადიანი აჟიოტაჟით იყო გამოწვეული და ბაზარი ეტაპობრივად დაუბრუნდება სტაბილურ ნიშნულს.
“როგორც [სებ-მა] უკვე აღნიშნა და ახლაც უფრო ნათელი გახდა, ბაზარი მშვიდდება, [ლარის გაუფასურება] იყო ერთჯერადი, ემოციური რეაქცია, რომელიც გამოწვეული იყო არასწორი ინტერპრეტაციით და სხვადასხვა აჟიტირებული ამბის გავრცელებით, რასაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა ფუნდამენტურ ფაქტორებთან.
რეალურად, ფუნდამენტური ფაქტორებიდან არც ერთი არ გაუარესებულა და არ მიანიშნებს იმაზე, რომ ლარის კურსი მყისიერად გაუფასურდება. ვგულისხმობ, რომ მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი არ გაზრდილა, ტურიზმიდან შემოსავლები კვლავინდებურად ძლიერია, შემოდინებები და გზავნილები თვიდან თვემდე არ იცვლება და, ზოგადად, ეკონომიკა საკმაოდ ძლიერ ზრდას აჩვენებს. აქედან გამომდინარე, ბაზარი ძალიან სწრაფად გაერკვა, რომ ეს პირველადი რეაქციები უსაფუძვლოა და ჩვენ თანდათან ლარის კურსის სტაბილიზაციის ნიშნულამდე დაბრუნების მომსწრეები გავხდებით”, - ამბობს ნათია თურნავა.
კითხვაზე, ექნება თუ არა გავლენა ლარის კურსის ცვლილებას რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებაზე, თურნავა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გათვლებზე ცვლილება მხოლოდ ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილებას ექნებოდა.
“ეს ფაქტორი იქონიებდა გავლენას ჩვენს გათვლებზე, თუ ის ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილებით იქნებოდა განპირობებული. ძირითადად, როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებასა და მონეტარულ პოლიტიკაზე, პირველ რიგში, ვუყურებთ ფუნდამენტური ფაქტორების საშუალოვადიან პროგნოზს - რადგან ამას ადგილი არ ჰქონია, და ის ერთჯერადი იყო, ნახავთ ლარის კურსის სტაბილიზაციას”, - განმარტა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე დოლარის ინტერვენციის საჭიროებას ვეღარ ხედავს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სებ-მა აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გამოიტანა, რომელიც ბაზარმა სრულად აითვისა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.