ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი შეფასების სკალაზეც ვერ ხვდებიან“ - PISA-ს მეცნიერების ტესტში საქართველოში საშუალო მოსწავლე 97 ქულით ჩამორჩება ევროკავშირის მოსწავლეს

„ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი შეფასების სკალაზეც ვერ ხვდებიან“ - PISA-ს მეცნიერების ტესტში საქართველოში საშუალო მოსწავლე 97 ქულით ჩამორჩება ევროკავშირის მოსწავლეს

„ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი შეფასების სკალაზეც ვერ ხვდებიან“ - PISA-ს მეცნიერების ტესტში საქართველოში საშუალო მოსწავლე 97 ქულით ჩამორჩება ევროკავშირის მოსწავლეს
PISA-ს ტესტები სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორია, იგი ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD )“ -ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ნაწილია.
OECD 15 წლის მოზარდებში კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნას და უნარებს ზომავს.
ამერიკული ორგანიზაცია, კვლევებს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ატარებს.
2022 წლის შეფასებაში 81 ქვეყანა მონაწილეობდა, რომელთა შორის საქართველომ 65-ე ადგილი დაიკავა. 2018 წელს, ამავე რეიტინგში საქართველო 70-ე ადგილს იკავებდა, თუმცა, რეიტინგში დაწინაურების მიზეზი არა გაუმჯობესებული შედეგები, არამედ სხვა ქვეყნების დაბალი შედეგებია.
მათემატიკის კომპონენტში საქართველო 390 ქულით 60-ე ადგილს იკავებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 66-ე, ხოლო წაკითხულის გააზრებაში კი - 67-ე ადგილს.
მეტი თვალსაჩინოებისთვის- თუ საქართველოს საშუალო მოსწავლის შედეგებს ევროკავშირის საშუალო მოსწავლის შედეგებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ქართველი მოსწავლეები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსწავლეებს მათემატიკის ტესტში 82 ქულით ჩამორჩებიან; წაკითხულის გააზრებაში 95 ქულით; ხოლო ყველაზე დიდი სხვაობა მეცნიერების ტესტშია, სადაც ჩამორჩენა 97 ქულაა.
ანალიზში მიმოხილულია 10 მიზეზი, რასაც შესაძლებელია უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებაზე, მათ შორის: სიღარიბე, სასკოლო ინფრასტრუქტურა, მასწავლებლის კვალიფიკაცია, სკოლის პოლიტიზება, სკოლების დაფინანსება, COVID-19 პანდემია და სხვ.
PISA-ს ტესტირების უახლეს მონაცემებს, სავარაუდოდ 2026 წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ. იქამდე კი გარდამავალ ეტაპზე, ,,კომერსანტი“ დაინტერესდა, რა არის დაბალი მოსწრების მიზეზები. ასევე, რამდენად პრიორიტეტულია განათლების სისტემის ხარვეზები ჩვენი ქვეყნისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო წლები კოვიდ-კლასებისა და ზოგადად, პოსტ-კოვიდური პანდემიის პერიოდია, რას საგანმანათლებლო სფეროში უარყოფითად აისახა.
განათლების მკვლევრის რევაზ აფხაზავას თქმით, განათლების სფეროში კოვიდპანდემიის შემდეგ არსებული ზიანის შესამცირებლად არაფერი გაკეთებულა.
მთავარი პრობლემა კი მასწავლებელთა კვალიფიკაცია და მათი დონის ასამაღლებლად არასწორად განაწილებული ფინანსებია.
,,ამ წლების განმავლობაში განათლების პოლიტიკა როგორც განვითარდა, შედეგებიც შესაბამისია. მთავარია, რომ განათლების სისტემაში მისაღებია ძალიან აუცილებელი, მაგრამ შეიძლება ცოტა მტკივნეული გადაწყვეტილებები. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ეწინააღმდეგება ხელისუფლების პოლიტიკურ ამოცანებს, შესაბამისად, როდესაც განათლება ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკურ ინსტრუმენტადაა ქცეული, ამ დროს საჭირო გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. მაგალითად, სკოლაში თანამდებობები უნარჩუნდებათ იმ მასწავლებლებს, რომლებიც კომპეტენციას საკუთარ საგანში ვერ ადასტურებენ - მინიმალურ ზღვარს ვერ ცდებიან.
ასევე, ინფრასტრუქტურული პრობლემები. არაფერი გაკეთებულა პანდემიის შემდეგ ზიანის აღმოსაფხვრელად, რემედიალური პროგრამები არ განხორციელებულა და სხვა სისტემური პრობლემების წყება.
წლებია, ჩვენ გვაქვს ბევრი რეკომენდაცია მასწავლებელთა პროფესიის განვითარების მიზნით, ამ ყველაფერს დაფინანსება სჭირდება. ჩვენ არც ერთი მიმართულებით არ გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები, თუნდაც სასკოლო კვება. მოსწავლეების საერთო რაოდენობაში გვყავს ძალიან დიდი წილი სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლებიც არიან საარსებო მინიმუმის ზღვარს მიღმა, ანუ შიმშილობენ და აქ საგანმანათლებლო ამოცანების შესრულება უკვე შეუძლებელი ხდება.
ხელისუფლების ვიწროპარტიული და ძალაუფლების გასამყარებლად მიმართული ამოცანები, ეს არ ეთავსება საგანმანათლებლო ამოცანებს, შესაბამისად, ვიღებთ იმ შედეგებს, რაც გვაქვს“, - ამბობს მკვლევარი.
PISA-ს ტესტი მოსწავლეთა თავისუფალ აზროვნებას და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას აფასებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა ტექნიკური საგნები. აფხაზავას თქმით, ქართულ სკოლებში ყველაზე დიდი კოლაფსი სწორედ ზუსტ მეცნიერებებშია.
,,ყველაზე დაბალი კომპეტენციის მასწავლებლები გვყავს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ასეთი კადრები დეფიციტურია, აღარც იძებნებიან.
ახლახან, ახალი ეროვნული მიზნები მიიღეს, სადაც ჩაწერეს თავიანთი პოლიტიკური პარტიის განაცხადები - ,,ოჯახის პატივისცემა“ და მსგავსი რაღაცები, თითქოს აქამდე ოჯახის პატივისცემის წინააღმდეგ იყო ვინმე.
არ არის მიმართულება, რომელშიც ძალიან დიდი კოლაფსი არ ჰქონოდა სამინისტროს მენეჯმენტს. ერთია, რომ ნება-სურვილიც არ აქვთ და აბსოლუტურად სხვა ამოცანები ამოძრავებთ და მეორეა, როცა კარგის გაკეთება უნდათ, იმასაც ვერ აკეთებენ. თავად არ არიან საქმის ხეირიანად მკეთებლები, საზოგადოებასთან არ თანამშრომლობენ, მათ ეშინიათ საზოგადოების და არიან გამოკეტილები.
მაშინ, როცა გვყავს უამრავი ექსპერტი აკადემიურ სფეროში, ვისაც შეუძლიათ საკუთარი ძალიან ეფექტიანი შენატანი გააკეთოს ამ სისტემაში, აი, ასეთ ხალხს საშუალებასაც კი არ აძლევენ.
PISA-ს კვლევის გარდა, ჩვენ გვაქვს ეროვნული შეფასების მაჩვენებლები, სადაც ვხედავთ, რომ ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი შეფასების სკალაზეც ვერ ხვდებიან.
ეს შედეგი რომ გვაქვს, ამ მდგომარეობაში რომ ვიმყოფებით, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს“,- ამბობს აფხაზავა.
განათლების მკვლევრის შეფასებით, ქართველი მოსწავლეების ცალკეული წარმატება მშობლებისა და კერძო რეპეტიტორების დამსახურებაა და არა სასკოლო განათლების გაუმჯობესების.
,,ეს სამყარო ცოტა უფრო გაიხსნა, ტექნოლოგიები უფრო ხელმისაწვდომია და მოსწავლეებს ალტერნატიული წყაროებიდან ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. სკოლის შენატანი მათ წარმატებაში მინიმალურია.
ოჯახებს უწევთ ამ დანაკლისების კომპენსირება. ვისაც აქვს ფული ამას მეტ-ნაკლებად ახერხებს, ვისაც არ აქვს მისთვის მიუღწეველია.
სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული მაჩვენებლისაა, შესაბამისად, დისკრიმინაციულ გარემოში ვამყოფებთ მოსწავლეებს- ვუზღუდავთ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, რაც არის კონსტიტუციური უფლება და წინაპირობა, რათა თანამედროვე სამყაროში რაღაც წარმატებას მიაღწიო“,- ამბობს რევაზ აფხაზავა.
ქრისტინა კვაჭანტირაძე

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.