ჩვენი ქვეყნის იზოლაცია, მისი გარიყვა და ბედის ანაბარად დატოვება არის დაუშვებელი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
„ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენთვის. 20-მდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი, ჩვენი მეგობარი ქვეყნები იყვნენ. ცხადია, ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებლობა იყო, რომ მათთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა არის აუცილებელი ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან იმისთვის, რომ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა გაგრძელდეს. აუცილებელია არ დავუშვათ საზოგადოებაში გაღრმავება დაპირისპირების, რომელიც სამწუხაროდ, სახეზეა. ჩვენ უნდა შევეცადოთ, საზოგადოების დაპირისპირებულ მხარეებს შორის იყოს დიალოგი და პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაზე ვიფიქროთ. რაც მთავარია, ჩვენი დასავლელი მეგობრები უნდა იყვნენ ძალიან ჩართულები. ჩვენი ქვეყნის იზოლაცია, მისი გარიყვა და ბედის ანაბარად დატოვება არის დაუშვებელი, ამაზე გვქონდა საუბარი”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მან დაადასტურა, რომ ასევე, ბრიტანეთის ელჩს შეხვდა.
„ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა მქონდა, ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დიდ მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ როლის გაზრდა და რა როლი შეიძლება ითამაშოს გაერთიანებულმა სამეფომ ამ მიმართულებით”,-განაცხადა ჯაფარიძემ




