„ახლა ამაზე გაჩუმება უარესია“ – ეკა ბესელია

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარტია „სამართლიანობის“ თავმჯდომარე, .
– ქალბატონო ეკა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ამერიკის ხელისუფლებას ბოდიშის მოხდას და დასანქცირებული მოსამართლეების გამო მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს. თავად არ იცის, რომ სასამართლო სისტემაში კორუფცია, ნეპოტიზმი და უსამართლობა მეფობს, რამდენიმე ადამიანი განაგებს მთელ სასამართლო სისტემას და სანქციებიც ამის შედეგია?
– უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ეს განცხადება იყო გამაოგნებელი. ეს განცხადება პირდაპირ ასუსტებს სასამართლოს მიმართ ნდობას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოვალეობა კლანისა და მისი ინტერესების დაცვა არ არის, სანქცირებულ მოსამართლეებს რომ შეეწიროს მთელი სასამართლო კორპუსი, ეს არ არის მისი საქმე. მას უნდა ესმოდეს, რომ მოსამართლის მიმართ ნდობა დამოკიდებულია საზოგადოების აღქმასა და უმნიშვნელოვანესი პარტნიორების ნდობაზე. ამას ხელს ვერ შეუწყობს ის, როდესაც სანქცირებულ მოსამართლეებს გადაეფარა და ბოდიშის მოხდას ითხოვს ამერიკის სახელმწიფოსგან, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას არასდროს იღებს, ვიდრე არ ექნება ძლიერი სამხილები. ნინო ქადგიძის ეს გამოსვლა ნიშნავდა, რომ საზოგადოებას ელაპარაკებოდა კლანის წარმომადგენელი და არა დამოუკიდებელი სასამართლოს უზენაესი მოსამართლე. ეს იყო ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და ჩვენი, ისედაც სახელგატეხილი სასამართლო კორპუსისთვისაც. ეს იმიტომ გააკეთა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა ამ კლანის მხარდაჭერით. ის ემსახურება ამ ვიწრო ჯგუფს და ძალიან სამწუხაროა, რომ უზენაეს სასამართლოს ასეთი თავმჯდომარე ჰყავს, მართლა ძალიან ვწუხვარ. ჩვენ სასამართლოს თავისუფლებისთვის ამდენი ვიბრძოლეთ, მრავალი წელი ვემსახურებით იდეას, რასაც მართლმსაჯულების ინტერესების დაცვა ჰქვია.ამ ერთი განცხადებით, აბსოლუტურად გაანულა ქართული სასამართლოს რეპუტაცია ნინო ქადაგიძემ, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
– სასამართლოს სისტემაში ნინო ქადაგიძე არასდროს ყოფილა ისეთი ფიგურა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მოეაზრებინათ საზოგადოებას და მოსამართლეთა კორპუსს. შესაძლოა, ბევრი სამართლიანი გადწყვეტილება გამოუტანია, ეს საკამათო საკითხია, მაგრამ ხომ შეეძლო იმავე კლანს, ქვეყნის მთავარ მოსამართლედ თავად მოსამართლეთათვის უფრო მისაღები, უფრო მაღალი რეპუტაციის მოსამართლე დაესვა?
– მე არ ვიცი, როგორი მოსამართლე იყო ნინო ქადაგიძე, მაგრამ მახსოვს, რომ მას აქვს ერთი სკანდალური, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ვიცით, რომ ““ იმიტომ მოხდა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდაო. არჩევნები იყო სადაო და მაშინ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ქადაგიძემ გააუქმა პროპორციული არჩევნების შედეგები და ძალაში დატოვა მაჟორიტარული არჩევნების შედეგები. ასე რომ, პოლიტიკური გავლენებისგან იმთავითვე თავისუფალი რომ ყოფილიყო ქალბატონი ქადაგიძე, მას არავინ აირჩევდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. მისი არჩევა მოხდა 2019 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა კლანთან ძალიან დიდი ბრძოლა გამართული. ამ ბრძოლაში ჩანდა, რომ კლანი ვისაც ლობირებდა, ისინი ხდებოდნენ სისტემაში მნიშვნელოვან პოზიციებზე.
– თავის დროზე ნინო ქადაგიძის ის გადაწყვეტილება მეტად სკანდლური და უსამართლო იყო. როგორ შეიძლება, პროპორციული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდეს და მაჟორიტარული ჩატარდეს სამართლიანად? ეს იყო 2003 წლის პარლამენტში შესული მაჟორიტარების გარიგება „ვარდების ხელისუფლებასთან“, მორჩილების სანაცვლოდ, არ გაეუქმებინათ მაჟორიტარული არჩევნები და ეს პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა ნინო ქადაგიძემ. მოსამართლეები ასეთი გადაწყვეტილებებით კარიერას ასრულებენ, არათუ მათ აწინაურებენ. მსოფლიო სასამართლო პრაქტიკაში არ ჰქონია მსგავს ფაქტს ადგილი, არა?
– მე არ ვიცი ნინო ქადაგიძის სხვა გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დარჩება მსოფლიოს მართლმსაჯულების ისტორიაში. ისევ მის განცხადებას დავუბრუნდები. გარდა იმისა, რომ არაკვალიფიციური იყო ეს განცხადება, დიდ უხერხულობას უნდა გრძნობდეს, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას, ამერიკას ეუბნება, ბოდიში მოიხადე, რომ ჩემი მოსამართლეები დაასანქცირეო. ამას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რომ იტყვის, რთულია კომენტარის გაკეთება, მაგრამ ახლა ამაზე გაჩუმება უარესია.

ასევე დაგაინტერესებთ