აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ ახალშენის მოსახლეობის საპროტესტო აქცია დასრულდა
აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ ახალშენში მცხოვრებლების საპროტესტო აქცია დასრულდა.
მოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე შეხვდა.
როგორც მან მოქალაქეებს განუცხადა, სოფელში კარიერულ სამუშაოებთან დაკავშირებით ლიცენზია გადაიხედება და სამუშაოები არ განახლდება.
„თქვენთან [მოსახლეობასთან] შეთანხმების გარეშე სამუშაოები არ განახლდება. არ განახლდება სამუშაოები, გადაიხედება ლიცენზია და უფრო დეტალურ საკითხებთან დაკავშირებით, საინიციატივო ჯგუფის წევრებს მზად ვართ, რომ შევხვდეთ”, - მიმართა აქციის მონაწილეებს კახა შაშიკაძემ.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოსახლეობის თქმით, ისინი სოფელში კარიერულ სამუშაოებს აპროტესტებენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.