აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ ირანის მიერ გაშვებული დრონები, რაკეტები და ნავები უვნებელყო
ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვაშისოციალური მედია / Xაშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურმა და სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალმა, ბრედ კუპერმა, განაცხადა, რომ აშშ-ს არმიამ ირანის მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტები, დრონები და მცირე ზომის ნავები უვნებელყო.
კუპერის თქმით, ირანულ ძალებს "მტკიცედ ურჩია," რომ ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის გათავისუფლების მიზნით წამოწყებული ოპერაციის დროს რეგიონში აშშ-ს სამხედრო ობიექტებს თავი აარიდონ.
ადმირალმა აღნიშნა, რომ ასევე ძალაში რჩება ირანულ პორტებზე აშშ-ს მიერ შემოღებული ბლოკადა, რამაც, მისი თქმით, მოლოდინებსაც გადააჭარბა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ 4 მაისიდან აშშ ჰორმუზის სრუტეში "ჩარჩენილ" კომერციულ გემებს სრუტიდან გამოსვლაში დაეხმარება.
მოგვიანებით ირანის სამთავრობო მედია ირწმუნებოდა, რომ გაფრთხილების უგულებელყოფის შემდეგ აშშ-ს სამხედრო ხომალდი ჰორმუზის სრუტეში არ გაატარეს და უკან მოაბრუნეს, ხოლო როდესაც გემი ჯასკის კუნძულს მიუახლოვდა, სამთავრობო Fars-ის მტკიცებით, მას ორი რაკეტა მოხვდა. თუმცა, აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ირანის რეჟიმის მიერ გავრცელებული ცნობები უარყო.
მოგვიანებით არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 4 მაისს სარაკეტო საფრთხესთან დაკავშირებით განგაში გამოსცა. ფუჯაირას საამიროს ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ირანული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რაც პირველი მსგავსი შემთხვევაა თითქმის ერთი თვის წინ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის იერიში დაგმო და მომხდარს "მოღალატეობრივი ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. საამიროების განცხადებით, ისინი ინარჩუნებელ პასუხის გაცემის "სრულ და ლეგიტიმურ უფლებას".
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.