აშშ საქართველოს სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიების ჩატარებას მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიება ჩაატაროს. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად“ — აცხადებს მეთიუ მილერი.
„ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ჰკითხა თუ რამდენად ეფექტიანი იყო მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის წინააღმდეგ სანქციები საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში:
„მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე 7031-ე მუხლის (C) ქვეპუნქტით დაექვემდებარნენ სავიზო შეზღუდვებს, მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო.
[ჩვენს მიერ მიღებული ზომები] ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების დაკისრებას მავნე აქტორებზე, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და რომლებიც მუშაობდნენ კანონის უზენაესობის ძირის გამოსათხრელად და ქართული საზოგადოების მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ რწმენის შესალახად“ — აცხადებს მილერი.
მისი თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და განახორციელოს ვენეციის კომისიის მიერ ამ უწყებებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები:
„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მთავრობის მოწოდებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების დაცვა, რადგან ისინი კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან“ — ამბობს მილერი.
ინტერვიუს სრულად გაეცანით ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?